წყალდიდობის გამო პოლონეთის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ქვეყნის პრემიერ-მინისტრზე, დონალდ ტუსკზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ეს შეხვედრა მოვიწვიე, რათა საგანგებო მდგომარეობის რაც შეიძლება სწრაფად გამოცხადების შესახებ განკარგულება სწრაფად მიმეღო“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა მინისტრებთან შეხვედრაზე.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ იმ ოლქების სია, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობა შეეხება, მალე გამოქვეყნდება და წყალდიდობის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად მილიარდი ზლოტი გამოიყოფა.
პოლონეთის მინისტრთა საბჭოს მიერ მიღებული განკარგულების პროექტის მიხედვით, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოლქებში საგანგებო მდგომარეობა 30 დღის ვადით იმოქმედებს.