გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი საქართველოშია, - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად როთი ავრცელებს.
„დილა მშვიდობისა, თბილისი!“- წერს გერმანელი დეპუტატი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
თბილისში გამომგზავრებამდე მან საქართველოს შესახებ კიდევ ერთი პოსტი გაავრცელა, რომელშიც წერს, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი უნდა იყოს.
„არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი უნდა იყოს. ოლიგარქია დემოკრატიის საწამლავია. ანტი-ლგბტი კანონი საქართველოს ტოლერანტობისა და ღიაობის ხანგრძლივ ისტორიასთან თანხვედრაში არ არის. დიალოგი მნიშვნელოვანია. გერმანია + ევროკავშირი მხარს დაუჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება შეცვლის თავის ანტიდემოკრატიულ პოლიტიკას“, - წერს როთი.
შეგახსენებთ, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 16-18 სექტემბერს საქართველოსა და სომხეთს ეწვეოდა.