გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, მისი ქვეყანა რუსეთთან კონფლიქტს არ ეძებს.
ბრიტანეთის პრემიერმა ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის მიერ დასავლური, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გამოყენება რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე სამიზნეებზე დასარტყმელად ნატო-ს ქვეყნების ომში პირდაპირ მონაწილეობას ნიშნავს.
„უკრაინას აქვს უფლება დაიცვას საკუთარი თავი. გაერთიანებული სამეფო სრულად უჭერს მხარს ამ უფლებას და სთავაზობს შესაძლებლობებს ამ კონტექსტში. მაგრამ ჩვენ არ ვეძებთ კონფლიქტს რუსეთთან - ეს სულაც არ არის ჩვენი განზრახვა”, - აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა.
ცნობისთვის, კირ სტარმერი დღეს ვაშინგტონში პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდება. მედია წერს, რომ მათი მოლაპარაკებების ერთ-ერთი თემა, სავარაუდოდ, იქნება უკრაინის შესაძლებლობა, დასავლური რაკეტები რუსეთის ფედერაციის სიღრმეში დარტყმისთვის გამოიყენოს.