შავ ზღვაზე მსოფლიოს ახალი რეკორდი დამყარდა. გიორგი გახელაძემ მოტოციკლით ღია წყალში ყველაზე ხანგრძლივი მანძილის გავლა შეძლო. ენდურო მოტომრბოლელმა ქობულეთის ახალი ბულვარის მიმდებარე სანაპიროდან ფოთში, მალთაყვას სანაპირომდე 100-ს კმ/სთ სიჩქარით 33 კილომეტრი 33 წუთში გაირა. გახელაძემ ავსტრალიელი რაიდერის, რობი მედისონის შედეგი გააუმჯობესა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. გიორგის შედეგი საქართველოს რეკორდების ფედერაციამ დააფიქსირა და გახელაძეს შესაბამისი სერტიფიკატი საქართველოს რეკორდების ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ბეგიაშვილმა გადასცა. გიორგი გახელაძე 2017 წლიდან დღემდე საქართველოს ენდურო ჩემპიონატების დაუმარცხებელი ჩემპიონი და სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულია.