ინფლაციის თვალსაზრისით საქართველოს რეგიონში საუკეთესო მაჩვენებლები აქვს. კვლევითი ინსტიტუტის, „„ჯი ნოუმონ ვაისის“ კვლევის თანახმად, რომელიც კავკასიის ეკონომიკის აგვისტოს თვის მიმოხილვას მოიცავს, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში კავკასიის ეკონომიკა 7.1%-ით გაიზარდა. მაშინ როცა, 2023 წელს ეს მაჩვენებელი 4.4% იყო. გასულ წელს ეკონომიკური ზრდის ტემპის კლება, რუსეთიდან ადამიანური და ფინანსური კაპიტალის ნაკადების შემცირებასა და, წინა წელთან შედარებით, ნავთობის დაბალ ფასებს უკავშირდებოდა. 2022 წელს კი კავკასიის ეკონომიკის ზრდა 7.8%-ს აღწევდა. რაც შეეხება საქართველოს, გასულ წელს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 9.7% შეადგინა. ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი ტელეკომუნიკაციების, მშენებლობის, მრეწველობის და ვაჭრობის სექტორებმა შეიტანა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა ენერგეტიკის სექტორში. ამ წლის იანვარ-ივლისში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, სომხეთის ეკონომიკა 9.6%-ით გაფართოვდა. მეზობელი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში განსაკუთრებულ როლს სავაჭრო სექტორი თამაშობს, რომელმაც ამ პერიოდში 21.4%-ით მოიმატა, სამშენებლო დარგმა კი - 16.1% -ით. რეგიონში ზრდის ყველაზე დაბალი ტემპი აზერბაიჯანს აქვს. მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეში, მეორე მეზობელი ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 4.5% შეადგინა. აზერბაიჯანის ეკონომიკის 34.9%-ს ნავთობისა და გაზის ინდუსტრია იკავებს. ამ ინდუსტრიის გარეშე, ზრდის ტემპმა 6.7% შეადგინა. ამავე ინფორმაციით, ინფლაციის მაჩვენებელი კავკასიის რეგიონში, ძირითადად, ეკონომიკური ზრდის ტენდენციებს იმეორებს. საუკეთესო მდგომარეობა საქართველოშია, ხოლო ფასების დონის ზრდის შედარებით მაღალი მაჩვენებელი აზერბაიჯანში დაფიქსირდა. 2024 წლის აგვისტოში, საქართველოში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 1% შეადგინა. აგვისტოს ინფლაციაში მაღალი წვლილი ტრანსპორტის ფასებმა შეიტანა, რომელიც7.4%-ით გაიზარდა. თუმცა, რიგ სექტორებში ფასების კლება დაფიქსირდა, მათ შორის, კავშირგაბმულობაში ფასები ყველაზე მეტად, 12.7%-ით შემცირდა. ამ ფონზე, ცენტრალურმა ბანკმა, ბოლო გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 8%-ზე შეინარჩუნა. მიმდინარე წლის აგვისტოში, სამომხმარებლო ფასების წლიური ზრდა სომხეთში 1.3% იყო, აზერბაიჯანში კი 3,25%.