ჩინური ინვესტიციების სამიზნე საქართველოში ძირითადად უძრავი ქონება და სამთომოპოვებითი საქმიანობაა. წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ და მეორე კვარტალში, ჩინეთიდან საქართველოში დაახლოებით 14-ეტ ნახევარი მილიონი დოლარის ღირებულების პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. .„საქსტატის“ მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში 981 ათასი დოლარის ინვესტიცია უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობებში განხორციელდა. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, შედარებით ნაკლები, დაახლოებით 819 ათასი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო სამთომოპოვებით მრეწველობასა და კარიერების დამუშავების მიმართულებით. აღსანიშნავია ისიც, რომ 187 ათასი დოლარის ინვესტირება განხორციელდა საქართველოს ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორებში. დანარჩენი 12.4 მლნ დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია სხვა სექტორებში გადანაწილდა. მათ შორის არის სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა; საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი; დამამუშავებელი მრეწველობა; პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობები და სხვა. შეგახსენებთ, რომ წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის მეორე კვარტალში 574.3 მლნ. დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის იმავე კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 10.3%-ით მეტია. მიუხედავად იმისა, რომ მეორე კვარტალში ინვესტიციების ზრდა დაფიქსირდა, ჯამურად მიმდინარე წლის ექვს თვეში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ინვესტიციები 34%-ით არის შემცირებული. კერძოდ, იანვარ-ივნისში საქართველოში ჯამში, 768.6 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, ხოლო 2023 წლის პირველ ნახევარში მილიარდ 165 მილიონი დოლარი იყო.