* ალექსანდრე მაკედონელი -
ალექსანდრე მესამე მაკედონელმა, რომელსაც ევროპელი ისტორიკოსები მეტწილად „ალექსანდრე დიდად“ მოიხსენიებენ, ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში გაითქვა სახელი როგორც ერთ-ერთმა ყველაზე დახელოვნებულმა მხედართმთავარმა. მართალია, მაკედონელი ძალიან ახალგაზრდა - 33 წლის ასაკში გარდაიცვალა, მაგრამ ხანმოკლე სიცოცხლის მიუხედავად მაინც შეძლო მაკედონიის მცირე სახელმწიფოს უზარმაზარ იმპერიად ქცევა, რომლის ტერიტორია 5,2 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე გადაიჭიმა.
მაკედონიური დინასტია ბალკანეთის მმართველმა კასანდროსმა გაანადგურა ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ, ძველი წელთაღრიცხვით 317 წელს. კასანდროსმა ჯერ ალექსანდრეს დედა მოაკვლევინა, მერე მისი ცოლ-შვილი - როქსინა და 12 წლის ალექსანდრე. მწირი ინფორმაციის გამო „ალექსანდრე დიდის“ ცხოვრება დღემდე იდუმალებითაა მოცული, ამიტომ მის სახელს უამრავი მითი და ლეგენდა უკავშირდება. „ალერსიანი გამოხედვა, სუფთად გაპარსული წვერი და ოდნავ მარცხნივ მოღერებული ყელი“, - სწორედ ასე აღწერენ ისტორიკოსები უდიდესს მმართველსა და მხედართმთავარს, რომლის ბიოგრაფიის აღდგენას ათწლეულების მანძილზე ცდილობენ არქეოლოგებთან ერთად.
* უდიდესი ადამიანის დაბადება -
ალექსანდრე ძველი წელთაღრიცხვით 356 წელს დაიბადა მაკედონიის სამეფოს დედაქალაქ პელაში. მაკედონიის მეფის ფილიპე მეორის და მისი მეოთხე ცოლის, ეპირის მეფის - ნეოპტოლემეს ასულის, დედოფალ ოლიმპიადას ვაჟიშვილი დედის მხრიდან აქილევსს ენათესავებოდა, მამის მხრიდან კი, ჰერაკლეს შთამომავალი იყო.
ლეგენდის თანახმად, მაკედონელის დაბადების დღეზე ჰეროსტრატემ ქალღმერთ არტემიდას ტაძარი გადაწვა ქალაქ ეფესოში. უძველეს ბერძნებს სჯეროდათ, რომ არტემიდამ იმის გამო ვერ შეძლო საკუთარი ტაძრის დაცვა, რომ ალექსანდრეს დაბადებას ესწრებოდა, ამიტომ ღმერთებმა უდიდესი კულტურული ნაგებობის განადგურება უდიდესი ადამიანის დაბადებით შეავსეს.
* საყვარელი მასწავლებელი -
აღმზრდელებით განებივრებულ ალექსანდრეს ადრეულ ბავშვობაში ლეონიდასი და ლისიმაქოსი მეურვეობდნენ, რომელთაც მომავალი მხედართმთავრის სპარტანული წესით აღზრდაზე იზრუნეს. თუმცა, ფილიპე მეორე მათი გამოცდილებით არ დაკმაყოფილდა და 13 წლის ალექსანდრეს ახალი მასწავლებელი პლატონის მოწაფე - არისტოტელე დაუქირავა, რომელიც უძველეს საბერძნეთში ყველაზე განათლებულ პიროვნებად და საუკეთესო ფილოსოფოსად ითვლებოდა. სწორედ არისტოტელემ შეაყვარა ალექსანდრეს ფილოსოფია და მანვე განსაზღვრა მისი მსოფლმხედველობა და აზროვნება, მრწამსი და ფასეულობები. „მე არისტოტელეს მამის გვერდით ვაყენებ, რადგან მამამ სიცოცხლე მომანიჭა, არისტოტელემ კი ის მომცა, რამაც ამ სიცოცხლეს აზრი შესძინა“, - სწორედ ასე შეაფასა მხედართმთავარმა საკუთარი მასწავლებლის ღვაწლი და დამსახურება.
ფილიპე მეორემ კი, ჯერ მის მიერვე დანგრეული სტაგირე - არისტოტელეს მშობლიური ქალაქი ააშენა თავიდან მის პატივსაცემად, მერე მიეზასთან ახლოს, ნიმფების ტაძარი უსახსოვრა ალექსანდრეს აღსაზრდელად, რომელიც არა მხოლოდ მაკედონელის, არამედ სხვა წარჩინებული ოჯახის შვილების სკოლადაც იქცა. სასწავლებელში მოზარდები ფილოსოფიას, მედიცინას, ფიზიკას და მათემატიკას, ლოგიკას, ლიტერატურას, მუსიკას და ხელოვნებას სწავლობდნენ არისტოტელეს ხელმძღვანელობით. აღსანიშნავია, რომ იმ ახალგაზრდების უმეტესობა, ვინც მაკედონელთან ერთად სწავლობდა, მოგვიანებით მისი მეგობარი, დახელოვნებული გენერალი გახდა და ყველა ბრძოლაში უერთგულა.
მაკედონელი იმპერატორად კურთხევის შემდეგაც ინტენსიურად ურთიერთობდა ფილოსოფოსებთან, რადგან ძალიან მოსწონდა მათთან მშვიდი და აუღელვებელი საუბარი. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ალექსანდრე, რომელიც შემთხვევით გადააწყდა მოედანზე წამოგორებულ დიოგენეს, მორცხვად დაინტერესდა, „რით შეეძლო მისი დახმარება“, კინიკური სკოლის მიმდევარმა დიოგენემ კი, გულგრილად უპასუხა, რომ „კარგი იქნებოდა თუ გაიწეოდა, მზეს არ დაუჩრდილავდა“. პასუხმა უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა მაკედონელზე, რომელიც პრაქტიკულად ყოველდღე სტუმრობდა უდარდელ დიოგენეს და დიდხანს ცდილობდა მისი ცხოვრების წესის ახსნასა და გაგებას.
მოგვიანებით, ინდოეთში ლაშქრობისას კი, ალექსანდრემ საბრძოლო მოქმედებები შეაჩერა, რათა დისკუსია გაემართა ჰიმნოსოფისტებთან, რომელთაც ხშირად „შიშველ ფილოსოფოსებსაც“ უწოდებდნენ. აღსანიშნავია, რომ ჰიმნოსოფისტი, რომლებიც ყოველთვის თავისებურად ინტერპრეტირებდნენ ინდუიზმს, პრინციპულად ამბობდნენ უარს სამოსის ტარებაზე, რადგან თვლიდნენ, რომ სწორედ სამოსი აძლიერებდა ადამიანებში პატივმოყვარეობას.
* ბუცეფალი -
ბერძენი ისტორიკოსის პლუტარქეს მტკიცებით, ალექსანდრემ 10 წლის ასაკში გახედნა ურჩი და ჯიუტი ბუცეფალი, რომლის სახელი ბერძნულიდან თარგმანში „ხარის თავს“ ნიშნავს. გადმოცემის თანახმად, ცხენი ფილიპე მეორემ იყიდა, თუმცა ვერავინ შეძლო მისი შეკაზმვა, მცირეწლოვანმა ალექსანდრემ კი, ბუცეფალს პირი მზისკენ მიაბრუნებინა, რადგან მიხვდა, რომ ცხოველს საკუთარი ჩრდილის ეშინოდა, დააწყნარა, დაიმორჩილა და უერთგულეს მეგობრად აქცია. ბუცეფალი ინდოეთში, ექსპედიციის დროს დაიღუპა. ალექსანდრემ დიდი პატივით დაკრძალა საყვარელი ცხენი და მის პატივსაცემად ქალაქი ბუცეფალა დააარსა მდინარე ჰიდასპესის დასავლეთ სანაპიროზე, რომელიც დღეს პინდოსის სახელს ატარებს.
* იმპერატორის ტახტზე -
ძველი წელთაღრიცხვით 336 წელს ფილიპე მეორეს ვერაგულად მოკვლის შემდეგ, მისი ადგილი 20 წლის ალექსანდრემ დაიკავა. ახალგაზრდა იმპერატორი ტახტზე აბრძანებისთანავე შეუდგა საკუთარი ჯარის ფორმირებასა და ინტენსიურ წვრთნას, რადგან აჯანყებები მოსალოდნელი იყო როგორც ბერძნების, ისე ატალოსის მხრიდან, რომელიც საკუთარ არმისა და პარმენიონის ჯართან ერთად დაბანაკდა მცირე აზიაში და იქიდან იმუქრებოდა ალექსანდრეს განადგურებით. მართალია, ატალოსი ფარულად თანამშრომლობდა დემოსთენესთან - ათენელ სახელმწიფო მოღვაწესთან, რომელიც ათენელების აჯანყებას მეთაურობდა, მაგრამ მოგვიანებით ძალიან ინანა და ისევ ალექსანდრეს მიემხრო, თუმცა, მაკედონელმა სინანულის მიუხედავად მაინც უარი თქვა მის შეწყალებაზე და სიკვდილით დასაჯა.
აღსანიშნავია, რომ იმპერატორად კურთხევის შემდეგ მაკედონელმა არა მხოლოდ მამის წინააღმდეგ შეთქმულებასა და მის მკვლელობაში ეჭვმიტანილები დასაჯა სიკვდილით, არამედ იმ ძლიერ კონკურენტებსაც სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, ვინც იმპერატორობაში გაბედავდა შეცილებას. ცოცხლად მხოლოდ გონებრივად ჩამორჩენილი ნახევარძმა არიდეოსი გადარჩა, რომელიც მისი აზრით საფრთხეს არ წარმოადგენდა. მართალია, 323 წელს, ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ, სწორედ არიდეოსმა ჩაიბარა მაკედონიის მართვა, მაგრამ მისი მმართველობა მხოლოდ ფორმალური და ფასადური იყო, რადგან საკუთარი გარემოცვის მარიონეტად ქცეულს არავინ აღიქვამდა სერიოზულად.
* ჰეგემონია კონგრესზე -
ბერძნული პოლისების მიერ კორინთოს კონგრესის გაუქმებას მაკედონელმა თესალიაში შეჭრით უპასუხა, სადაც მის არმიას თესალიური მხედრობა შეუერთდა, მერე კი, დიპლომატიის გზით ჩაახშო აჯანყება, თავიდან მოიწვია კონგრესი, რომელსაც ყველა ბერძნული პოლისი შეუერთდა სპარტის გამოკლებით და საკუთარი თავი გამოაცხადა ახალი კონგრესის ჰეგემონად.
* ბალკანეთის კამპანია -
მთავარი ჩანაფიქრის განხორციელებამდე და აზიის დაპყრობამდე მაკედონელმა ჩრდილოეთის საზღვრების „მოწესრიგება“ გადაწყვიტა. ძველი წელთაღრიცხვით 335 წლის გაზაფხულზე ალექსანდრემ მაკედონიის სამეფოს აჯანყებული ვასალების წინააღმდეგ წამოიწყო ბრძოლა და ჯერ აჯანყებულ თებელებს გაუსწორდა, მერე თრაკიაში, ილირიაში ჩაახშო ბუნტი და კონტროლი აღადგინა ბალკანეთზე. აღსანიშნავია, რომ თებეს სასტიკად დასჯა პირველ რიგში, მის მიმართ მტრულად განწყობილი მაკედონიური ქალაქ-სახელმწიფოების ერთგვარ გაფრთხილებად იქცა, რამაც ბრწყინვალედ გაამართლა, რადგან იმპერატორისთვის წინააღმდეგობის გაწევა აღარავის უფიქრია.
* ლაშქრობა სპარსეთში -
ბალკანეთში სიტუაციის დარეგულირების შემდეგ, ძველი წელთაღრიცხვით 334 წელს მაკედონელი დიდი ხნის ნანატრ ლაშქრობაში ჩაება, ჰელესპონტი გადალახა და მცირე აზიაში შეიჭრით წამოიწყო სპარსეთის კამპანია, რომელიც 7 წელი გაგრძელდა და მისი ტრიუმფალური გამარჯვებით დასრულდა.
* ლაშქრობა საქართველოში -
მართალია, ისტორიულ თხზულებებში „მოქცევაი ქართლისაი“ და „ქართლის ცხოვრება“ ალექსანდრე მაკედონელის საქართველოში ლაშქრობის შესახებაა მოთხრობილი, მაგრამ მსგავს ინფორმაციას მაკედონელის არც ერთ ისტორიკოსი არ ადასტურებს. მხედართმთავარმა, რომელიც კოლხეთ-იბერიით დაინტერესდა, კარგად იცოდა რამდენად მნიშვნელოვანი იყო სტრატეგიულ გზას დაპატრონება, თუმცა ვერ გაბედა სამხრეთიდან შემოსვლა, რადგან მიხვდა, რომ ამგვარი ლაშქრობა მხოლოდ ზარალს მოუტანდა და სამომავლოდ გადადო კოლხეთის დაპყრობა, რასაც მისი გათვლით მთელი აზიისა და ევროპის საომარი ძალის თავმოყრა დასჭირდებოდა.
* უძლეველი მხედართმთავარი -
ურთიერთგამომრიცხავი მითებისა და ლეგენდების მიუხედავად, მაკედონელის უნიკალურ საბრძოლო ნიჭზე ისტორიკოსები არასდროს დავობენ. მეტიც, მხედართმთავარი, რომელიც არცერთ ბრძოლაში არ დამარცხებულა, დღესაც ეტალონად ითვლება, რადგან მისი საბრძოლო ტაქტიკა და სტრატეგიის შემუშავების მეთოდები მთელი მსოფლიოს სამხედრო სასწავლებლებში განიხილება და ისწავლება.
მაკედონელი ყოველთვის მოწინააღმდეგეზე სწრაფად და გონებამახვილურად მოქმედებდა. მეტიც, იმ შემთხვევაშიც კი, ახერხებდა გამარჯვების მოპოვებას, როცა მეტოქის არმია მნიშვნელოვნად აღემატებოდა მის ჯარს. მხედართმთავრის ტრიუმფალური გამარჯვების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითად 331 წელს გამართული გავგამელის ბრძოლა ითვლება, როცა ალექსანდრეს მხოლოდ 1000 მებრძოლი დაეღუპა, სპარსელებმა კი, 30 ათასი მეომარი დაკარგეს და მარცხიც აღიარეს. ამბობენ, თითქოს მაკედონელს ყველა ჯარისკაცის სახელი ახსოვდა, ვინც კი ოდესმე მის არმიაში მსახურობდა, ბრძოლაში დაღუპულებს კი, ყოველთვის განსაკუთრებული პატივით კრძალავდა.
* მსოფლიოს მმართველი -
ლეგენდის თანახმად, იმ დღეს, როცა მაკედონელმა თითქმის მთელი მსოფლიო დაიპყრო, საკუთარ ოთახში ჩაიკეტა და ატირდა. სარდლები, რომელთაც მანამდე არასდროს ენახათ მისი ცრემლები, ძალიან შეშფოთდნენ, რადგან ვერ მიხვდნენ რა ატირებდა მხედართმთავარს. მიზეზი - ის სიცარიელე აღმოჩნდა, რომელსაც მაკედონელი განიცდიდა, რადგან საომარი და დასაპყრობი აღარაფერი აღმოჩნდა.
* შეჯიბრებების მოყვარული -
ალექსანდრეს ძალიან უყვარდა პაექრობებით თავის შექცევა. ერთ-ერთმა შეჯიბრმა, რომელიც იმპერატორმა ღვინის სმაში მოაწყო, იმ დღესვე იმსხვერპლა 43 ადამიანი, გამარჯვებული კი, რომელიც თვითონ დააჯილდოვა ოქროს გვირგვინით, 3 დღეში გარდაიცვალა.
* სამი სურვილი -
ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, მაკედონელი საოცარი გონებამახვილობითა და იშვიათი სიბრძნით გამოირჩეოდა, რაზეც მისი ერთგვარი ანდერძიც მეტყველებს. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ალექსანდრემ სამი სურვილი გაანდო ერთ-ერთ სარდალს. მხედართმთავარს უნდოდა, რომ დაკრძალვის დღეს მისი ცხედარი სასვენებლამდე ყველაზე დახელოვნებულ მკურნალებს მიეტანათ, გზა, სადაც მის ცხედარს გაატარებდნენ, ოქროთი მოეფინათ, უკვე დაკრძალულის ხელები კი, ღიად დაეტოვებინათ, რათა ყველას დაენახა. სარდალი ძალიან დააბნია მსგავსმა სურვილებმა, თუმცა ალექსანდრემ სამივე განუმარტა - „გამოცდილმა მკურნალებმა უნდა წაიღონ ჩემი ცხედარი, რათა ყველამ ნახოს, რომ სიკვდილის წინაშე საუკეთესო მკურნალებიც უძლურები არიან, ოქრო უნდა მიმოიფანტოს გზა, რათა ყველა დარწმუნდეს, რომ ამქვეყნად ნაშოვნი ამ ქვეყანაშივე რჩება, ჩემი ცარიელი ხელების ნახვით, კი, ყველამ უნდა გაიგოს, რომ მსოფლიოს მბრძანებელიც კი ხელცარიელი მიდის იმქვეყნად“, - აღნიშნა მხედართმთავარმა.
* გარდაცვალება -
ალექსანდრე მაკედონელი ძველი წელთაღრიცხვით 323 წელს გარდაიცვალა, 32 წლის ასაკში. მართალია, ისტორიკოსებმა მხედართმთავრის დაღუპვის სხვადასხვა ვერსია გამოთქვეს - მალარიით დაწყებული, პნევმონიით და მუცლის ტიფით დასრულებული, მაგრამ ამერიკელი მეცნიერების ბოლო კვლევებმა დაადასტურეს, რომ მაკედონელი შეგნებულად მოწამლეს მისმა მტრებმა, საწამლავად კი, მდინარე სტიქსის წყალი და შხამიანი ბაქტერია გამოიყენეს, რომელიც მეტად ტოქსიკურ ნივთიერებას - კალიქეამიცინს გამოყოფდა.