* ფილ კოლინზი -
ლეგენდარული ბრიტანელი დრამერი და ვოკალისტი ფილ კოლინზი, რომელსაც ხშირად „ინტელექტუალური როკის მეტრსაც“ უწოდებენ, იმ იშვიათ მუსიკოსთა რიცხვს მიეკუთნება, ვინც ჯერ ჯგუფის შემადგენლობაში, მერე დამოუკიდებლად შეძლო წარმატების მიღწევა. მეტიც, კოლინზმა მაიკლ ჯექსონისა და პოლ მაკარტნის შედეგის გამეორებაც მოახერხა, რომელთაც 100-მილიონიანი ტირაჟით გაყიდული ალბომების წყალობით დაამყარეს რეკორდი.
* * *
მუსიკა ფილმა 5 წლის ასაკში შეიყვარა, როცა მშობლებმა სათამაშო დასარტყამი ინსტრუმენტი აჩუქეს დაბადების დღეზე. მცირეწლოვანი კოლინზი რადიოში უსმენდა ნაცნობ სიმღერებს და საკუთარ დრამზე ცდილობდა მათ აკომპანირებას. მოგვიანებით სათამაშო ინსტრუმენტი ნამდვილმა ჩაანაცვლა, თუმცა მოზარდი ფილი მუსიკის ნაცვლად, თეატრმა გაიტაცა, სკოლის დასს შეუერთდა და აქტიურად შეუდგა სამსახიობო ოსტატობის დახვეწას. გარდამტეხი 1964 წელი აღმოჩნდა, როცა სხვა ბავშვებთან ერთად ფილმა Beatles-ის წევრების მონაწილეობით შექმნილი ფილმის „მძიმე დღის საღამოს“ მასიურ სცენებში მიიღო მონაწილეობა და საკუთარი კერპების ცოცხლად ნახვის შემდეგ საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მუსიკოსობა უნდოდა.
* * *
1970 წელს კოლინზი ჯგუფს Genesis-ს შეუერთდა და თავად პიტერ გაბრიელისგან დაიმსახურა კომპლიმენტი, რომელმაც მისი რიტმის გრძნობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ დიდხანს ეძებდა ასეთ ნიჭიერ მუსიკოსს.
აღსანიშნავია, რომ Genesis-ის მუსიკოსები, რომლებიც შეზღუდული პუბლიკისთვის, მეტწილად ინტელექტუალებისთვის უკრავდნენ პროგრესულ როკს, საკუთარ შემოქმედებას კი, აკადემიური კომპოზიციების ფრაგმენტებით, ფოლკლორული და ჯაზური ელემენტებით ავსებდნენ, ბრწყინვალე არანჟირების, მუდმივი ექსპერიმენტების და ვირტუოზული საშემსრულებლო ოსტატობის წყალობით სარგებლობდნენ „როკის არისტოკრატების“ სახელით.
თვითნასწავლი დრამერისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა დასარტყამი ინსტრუმენტი და 1975 წელს, პიტერ გაბრიელის ჯგუფიდან წასვლის შემდეგ, სწორედ ის გახდა Genesis-ის ვოკალისტი, თუმცა კოლინზი არა მხოლოდ ასრულებდა, არამედ თვითონ წერდა კომპოზიციებს. მეტიც, სწორედ კოლინზის საავტორო სიმღერების წყალობით მოიპოვა ჯგუფმა მსოფლიო აღიარება, მოგვიანებით კი, როკ-მუსიკის ლეგენდად იქცა. აღსანიშნავია, რომ კოლეგა როკერებისგან განსხვავებით, კოლინზს არც ალკოჰოლი იტაცებდა, არც ნარკოტიკები, არასდროს ცდილობდა ეპატაჟით თავის გამოჩენას და არასდროს ეხვეოდა სკანდალებში.
* * *
ჯგუფში 20-წლიანი მუზიცირების შემდეგ კოლინზმა სოლო კარიერის გაკეთება გადაწყვიტა და 1981 წელს, ჯერ სადებიუტო სიმღერა In the Air Tonight ჩაწერა, მერე ალბომი Face Value გამოუშვა, 4 წლის შემდეგ კი, „გრემის“ პრემია დაიმსახურა ნაკრებისთვის No Jacket Required, რომელიც 10 მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა და მუსიკოსის შემოქმედების კომერციულად ყველაზე წარმატებული ჩანაწერი გახდა. მუსიკალურ ბესტსელერად იქცა 1989 წელს გამოსული ალბომიც But Seriously, რომელმაც გაყიდვების სისწრაფით დაამყარა რეკორდი. მსგავსი შედეგი არავის გაჰკვირვებია, რადგან ახალ ნამუშევარში ტრადიციული ლირიკა კოლინზმა სოციალური კომპოზიციებით შეცვალა და მსმენელს ღატაკთა პრობლემებზე, სამხედრო კონფლიქტებსა და სამხრეთაფრიკულ რეპრესიებზე ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდა.
თუმცა, მანამდე მუსიკოსმა უკანასკნელი, ერთგვარი გამოსამშვიდობებელი ალბომი We Can’t Dance ჩაწერა Genesis-თან ერთად, რომელიც დღესაც საუკეთესოდ ითვლება ჯგუფის დისკოგრაფიაში. არანაკლები პოპულარობა მოიპოვა კოლინზისა და Genesis-ის ერთობლივმა ტურნემ 1993 წელს, რომლითაც მუსიკოსმა ერთგულებისთვის გადაუხადა მადლობა კოლეგებს და ჯგუფის თაყვანისმცემლებს.
* * *
კოლინზი, რომელმაც 1980-იან წლებში პრინც ჩარლზის მიერ მოწყობილ თითქმის ყველა საქველმოქმედო კონცერტში მიიღო მონაწილეობა, მოგვიანებით კი, იმ რჩეულთა რიცხვში მოხვდა, ვინც ჩარლის დაბადების დღეზე მიიღო მიწვევა, ყოველთვის სამეფო ოჯახის ფავორიტებს შორის ითვლებოდა და თავად ელისაბედ მეორის სიმპათიით სარგებლობდა, პრინცესა დიანა კი, როგორც ამბობდნენ, შეყვარებული იყო მის მუსიკაში.
მუსიკოსი ყოველთვის სიამოვნებით მონაწილეობდა საქველმოქმედო აქციებში, მიღებულ თანხას კი, სამედიცინო ცენტრებს, ახალგაზრდულ ფონდებსა და სხვა ორგანიზაციებს ურიცხავდა. საერთო ჯამში კოლინზმა 20 მილიონი ფუნტი სტრელინგი გაიღო ქველმოქმედებაში, სანაცვლოდ კი, ღირსების ორდენი დაიმსახურა დედოფლისგან ჰუმანურობისა და სამეფო ოჯახის წინაშე დამსახურებისთვის.
* * *
1990-იანი წლების ბოლოს კოლინზმა ამპლუა შეიცვალა და კინოში გადაინაცვლა. ეპიზოდური როლები შეასრულა ფილმებში „მაიამის პოლიცია“, „ბასტერი“, „კაპიტანი კაუჭი“ და „ვირუსი“, მულტიპლიკაციური პერსონაჟების გახმოვანების შემდეგ კი, სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმისთვის „ტარზანისთვის“ შექმნა საუნდთრეკი, რომლისთვისაც „ოსკარის“ პრემიით დაჯილდოვდა.
* * *
მუსიკალური კარიერის დასრულების შესახებ კოლინზმა ოფიციალურად 2011 წლის განაცხადა გამოსამშვიდობებელ ტურნეზე, მიზეზად კი, დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. როგორც აღმოჩნდა, კისრის მალის ტრავმის შემდეგ, მუსიკოსს არა თუ დასარტყამ ინსტრუმენტთან ჯდომა, არამედ ჯოხების ხელში ჭერაც გაუჭირდა, გახეთქილმა ყურის აპკმა კი, სრულად დააყრუა ცალი ყურით.
მართალია, ერთ-ერთ ინტერვიუში კოლინზმა განაცხადა, რომ არც დასარტყამი ინსტრუმენტი ენატრება, არც გაუთავებელი გასტროლები, რომლებიც თავის დროზე პირველ მეუღლესთან განქორწინების მიზეზი გახდა, მაგრამ მისი მეგობრების მტკიცებით, ფილი საშინელ უკმარისობას განიცდის, რადგან ვეღარ ახერხებს საყვარელი საქმის კეთებას, თუმცა დანაკლისს შვილებთან და შვილიშვილებთან ურთიერთობით ივსებს, ვისთვისაც მანამდე ვერასდროს პოულობდა დროს.