ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები საქართველოს პარლამენტის შენობის წინ აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები „ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობის შედეგად სოფელ შუქრუთისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას და ამ პროცესში ცენტრალური ხელისუფლების ჩართვას ითხოვენ.
შუქრუთელები ამბობენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის” მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად დაინგრა მათი სახლები, დაზიანდა ნიადაგი, ეზოები და ნაკვეთები და სოფელში ცხოვრება უკვე გაუსაძლისი გახდა.
„გვაზიანებს კომპანია და არ გვაქცევენ ყურადღებას. ზიანდება სახლები, არის მარგანეცის მტვერი და ფაქტობრივად, აღარ შეიძლება იქ ცხოვრება. არ აინტერესებს არავის ჩვენი გასაჭირი. მოგვაქციონ ყურადღება, სახელმწიფო ჩაერთოს, ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ. შეაწუხოს ეს კომპანია. თვეები და წლებია ეს პროტესტი გრძელდება. მე-11 დღეა ბიჭები შიმშილობენ. ვაპირებთ ბოლომდე დავიცვათ ჩვენი მამაპაპისეული ადგილ-მამული. არ ვაპირებთ, რომ ეს ადგილები ვიღაცას ვაჩუქოთ იმისთვის, რომ მილიარდერი გახდეს”, - განაცხადა შუქრუთის მაცხოვრებელმა, ბექა მეფარიძემ.
ცნობისთვის, ჭიათურის სოფელ შუქრუთის მოსახლეობის ნაწილი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან“ ზიანის ანაზღაურებას უკვე 183-ე დღეა ითხოვს. აქციის სამმა მონაწილემ კი, პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.