ჩეხეთის ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ტურის მატჩში უკრაინას პრაღაში უმასპინძლა და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა. ჩეხებმა პირველი ტაიმი პაველ შულცის დუბლით 2:1 მოიგეს. პლზენის ფეხბურთელმა ანგარიში 21-ე წუთზე გახსნა, უკრაინამ ვლადისლავ ვანატის გოლით გაათანაბრა, რომელმაც შაპარენკოს პასი გამოიყენა. შულცმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიტანა და ჩეხები კიდევ ერთხელ დააწინაურა.
მეორე ტაიმი საკმაოდ უხეში გამოდგა. მსაჯმა ფეხბურთელებს 7 ყვითელი ბარათი უჩვენა. შეხვედრის მე-80 წუთზე სოუჩეკმა უკრაინას პენალტი გაუტანა და ჩეხებს ორბურთიანი უპირატესობა მოუპოვა, თუმცა 4 წუთში გიორგი სუდაკოვმა ანგარიშში სხვაობა ისევ ერთ ბურთამდე შეამცირა. უკრაინელებმა დარჩენილ დროში ვერაფერი შეცვალეს, ჩეხეთმა 3:2 გაიმარჯვა და 3 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზეა.
ჯგუფს საქართველოს ნაკრები ლიდერობს. ვილი სანიოლის გაწვრთნილმა ნაკრებმა ორიდან ორი მატჩი მოიგო. ქართველმა ფეხბურთელებმა ალბანეთს სტუმრად გიორგი ქოჩორაშვილის სუპერგოლით აჯობეს.