კვლევითი ინსტიტუტი Gnomon Wise კავკასიის ეკონომიკის აგვისტოს თვის მიმოხილვას აქვეყნებს. პუბლიკაციის თანახმად, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში კავკასიის ეკონომიკის ზრდამ 7.1% შეადგინა.
ამავე ცნობით, 2023 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 4.4% იყო. გასულ წელს ეკონომიკური ზრდის ტემპის კლება, რუსეთიდან ადამიანური და ფინანსური კაპიტალის ნაკადების შემცირებასა და, წინა წელთან შედარებით,ნავთობის დაბალ ფასებს უკავშირდება. 2022 წელს კი კავკასიის ეკონომიკის ზრდა 7.8%-ს აღწევდა.
გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 9.7% შეადგინა. ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი ტელეკომუნიკაციების, მშენებლობის, მრეწველობის და ვაჭრობის სექტორებმა შეიტანა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა ენერგეტიკის სექტორში.
გასულ წელს სომხეთის ეკონომიკა 9.8%-ით გაიზარდა. 2024 წლის იანვარ-ივლისში, წინაწლის იმავე პერიოდთან შედარებით, ეკონომიკა 9.6%-ით გაფართოვდა. სომხეთის ეკონომიკურ ზრდაში განსაკუთრებულ როლს სავაჭრო სექტორი თამაშობს, რომელმაც ამ პერიოდში 21.4%-ით მოიმატა, სამშენებლო დარგმა კი - 16.1% -ით.
რეგიონში ზრდის ყველაზე დაბალი ტემპი აზერბაიჯანში დაფიქსირდა. 2023 წელს აზერბაიჯანის ეკონომიკა 1.1%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეშიზრდამ 4.5% შეადგინა. აზერბაიჯანის ეკონომიკის 34.9%-ს ნავთობისა და გაზის ინდუსტრია იკავებს. ამ ინდუსტრიის გარეშე, ზრდის ტემპმა 6.7% შეადგინა.
ამავე ინფორმაციით, ინფლაციის მაჩვენებელი კავკასიის რეგიონში, ძირითადად, ეკონომიკური ზრდის ტენდენციებს იმეორებს. საუკეთესო მდგომარეობა საქართველოშია, ხოლო ფასების დონის ზრდის შედარებით მაღალი მაჩვენებელი აზერბაიჯანში დაფიქსირდა.
2023 წელს საქართველოში ინფლაციის ტემპი, წინა წელთან შედარებით, შემცირდა. 2024 წლის აგვისტოში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 1% შეადგინა. აგვისტოს ინფლაციაში მაღალი წვლილი ტრანსპორტის ფასებმა შეიტანა, რომელიც7.4%-ით გაიზარდა. თუმცა, რიგ სექტორებში ფასების კლება დაფიქსირდა, მათ შორის, კავშირგაბმულობის ფასები ყველაზე მეტით, 12.7%-ით შემცირდა. ამ ფონზე, ცენტრალურმა ბანკმა, ბოლო გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 8%-ზეშეინარჩუნა.
რეგიონში ფასების დინამიკით სომხეთი გამოირჩევა. მიმდინარე წლის აგვისტოში სამომხმარებლო ფასების წლიური ზრდა 1.3% იყო. ყველაზე მაღალი, 9.1%-იანი ზრდა ტრანსპორტის სექტორში დაფიქსირდა, ხოლო 3.9%-იანი კლება - ტანსაცმლის ფასებზე. სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება 2023 წელს დაიწყო. ბოლო გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 7.5%-მდე შემცირდა.
აზერბაიჯანში ინფლაცია დასტაბილურდა. 2024 წლის აგვისტოში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 3.5% შეადგინა. ივლისში ეს ნიშნული 2.7% იყო. აზერბაიჯანი რეგიონში შედარებით მაღალი ინფლაციით წინა პერიოდებში გამოირჩეოდა. მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკი პოლიტიკის გამკაცრებისგან თავს იკავებდა. ივნისში მიღებული გადაწყვეტილებით, პოლიტიკის განაკვეთი 7.25%-ზე შენარჩუნდა.