თუშეთის გზაზე მოძრაობის გასაუმჯობესებლად კიდევ ერთი ტენდერი გამოცხადდა. კერძოდ, საუბარია ფშაველი-აბანო-ომალოს ლოტი III შესყიდვაზე, რომლის სავარაუდო ღირებულება 12 300 334 ლარია. შეგახსენებთ, რომ თუშეთის გზის პროექტი 8 მონაკვეთადაა დაყოფილი. უკვე გაფორმებულია 6 ხელშეკრულება, რაც გზის 50 კმ-მდე მონაკვეთის საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების სამუშაოებს მოიცავს და მისი ღირებულება, ჯამში 51 მლნ ლარზე მეტია. ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის პირველი 22-ორ ნახევარი კილომეტრი მოასფალტებული იქნება. დანარჩენი მონაკვეთების საფარი, რელიეფიდან გამომდინარე, გრუნტიანი დარჩება, აღდგება გზის დაზიანებული ადგილები და გაუმჯობესდება არსებული პარამეტრები.გზების დეპარტამენტმა აგვისტოში ფშაველი-აბანო-ომალოს გზის რეაბილიტაციის მეორე ლოტზეც გამოაცხადა ტენდერი. სარეაბილიტაციო სამუშაოები საავტომობილო გზის 21-ე დან 25-ე კილომეტრის მონაკვეთზეა ჩასატარებელი. ამ შემთხვევაში შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 17 940 426 ლარია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ფშაველი-აბანო-ომალოს გზის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტი ეტაპობრივად, 2025 წელს დასრულდება.