წელს 6 თვეში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 34%-ით შემცირებულია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივნისში, საქართველოში ჯამში, 768 მილიონ 600 ათასი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, ეს მაშინ, როცა შარშან, ნახევარი წლის განმავლობაში ამ მაჩვენებელმა მილიარდ 165 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე დაახლოებით 400 მილიონი დოლარით მეტია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ წელს, მეორე კვარტალში, გასული წლის მეორე კვარტალთან შედარებით, მაჩვენებლები გაზრდილია. უფრო კონკრეტულად, წინასწარი მონაცემებით, წელს მეორე კვარტალში, ჩვენს ქვეყანაში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 574 მლნ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც გასული წლის იგივე კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 10.3 პროცენტით მეტია.
რაც შეეხება მიმდინარე წლის 1-ლი კვარტალის მაჩვენებლებს, იანვარ-მარტში ქვეყანაში სულ რაღაც 194 მლნ დოლარი შემოვიდა, მაშინ როცა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში 645 მლნ დოლარის ინვესტირება მოხდა.