სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჩატარებული გამოძიებით პედოფილიის, სექსუალური გამოძალვის და გარყვნილი ქმედების 8 ფაქტი გამოავლინა და სამეგრელოს რეგიონში მცხოვრები 32 წლის მამაკაცი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გამიზნულად შექმნა ყალბი „ფეისბუქ“ და „ინსტაგრამ“ მომხმარებლის ანგარიშები, რისი მეშვეობითაც სისტემატურად უკავშირდებოდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მცხოვრებ 10 წლიდან 18 წლამდე ასაკის ათეულობით გოგონას, მათ უგზავნიდა 15 წლის ასაკის ბიჭის ფოტოსურათებს, ეცნობოდა, როგორც მათი თანატოლი, მოიპოვებდა ნდობას და აიძულებდა მათი ინტიმური შინაარსის ფოტოსურათების და ვიდეოების გამოგზავნას, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა ოჯახის წევრების მოკვლით. დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების ცნობით, გამოძიების მიერ აღმოჩენილი მცირეწლოვანი და არასრულწლოვანი ბავშვების ინტიმური ხასიათის ათეულობით ფოტო და ვიდეო მასალა კანონით დადგენილი წესით განადგურდება. დაზარალებულ ბავშვებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური დანაშაულისგან მიყენებული ტრავმის გასაქარწყლებლად სახელმწიფოს ხარჯით ფსიქორეაბილიტაციის კურსის გავლას შესთავაზებს.