თელ-ავივსა და ისრაელის სხვა ქალაქებში ასიათასობით ადამიანმა ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქციები გამართა. The Time of Israel-ი წერს, რომ ორგანიზატორების შეფასებით, თელ-ავივში 300 000 ადამიანი შეიკრიბა, ქვეყნის სხვა ქალაქებში გამართულ აქციებში კი კიდევ 200 000-მა დემონსტრანტმა მიიღო მონაწილეობა. თელ-ავივის საპროტესტო აქცია დიზენგოფის ქუჩიდან დაიწყო და თავდაცვის ძალების შტაბ-ბინის ბეგინის კარიბჭისკენ მსვლელობით გაგრძელდა. დემონსტრანტებს ეჭირათ ექვსი სიმბოლური კუბო, რითიც გამოხატავდნენ ღაზაში ექვსი მძევლის ცხედრის აღმოჩენას. ისინი ისრაელის პრემიერს, ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდებდნენ, ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას დათანხმდეს. თელ-ავივში დაახლოებით 30 მომიტინგე დააკავეს. გარდა ამისა, მომიტინგეები დააკავეს იერუსალიმში და ქვეყნის სხვა ქალაქებში. იერუსალიმში დემონსტრანტებმა ქალაქის შესასვლელი გადაკეტეს, სადაც მათსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. მედიის ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ეს ისრაელში გამართული ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქცია იყო