იაპონიაში კვლავ ტაიფუნ „შანშანს“ ებრძვიან. სტიქიის შედეგად დაღუპულია, სულ მცირე, სამი ადამიანი, ასევე 79 მოქალაქე დაშავდა. მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებენ. ხელისუფლების განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით 5 მილიონზე მეტ ადამიანს ევაკუაციის შესახებ შეტყობინება გაეგზავნა. ავიაკომპანიებმა, მათ შორის ANA Holdings-მა და Japan Airlines-მა განაცხადეს, რომ 800-მდე ავიარეისი გაუქმდა. იაპონიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე კუნძულ კიუშუზე შეჩერებულია სარკინიგზო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმოსვლა. დაახლოებით 125 000 ადამიანს არ მიეწოდება ელექტროენერგია. ხელისუფლების განცხადებით, შესაძლოა, ეს ერთ-ერთი უძლიერესი სტიქია იყოს, რომელიც აღნიშნულ რეგიონში ოდესმე ყოფილა.