ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ისრაელი ღაზას სექტორში ე.წ. „ჰუმანიტარულ პაუზებს“ დათანხმდა, რათა ბავშვები პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მაღალჩინოსანმა, რიკ პეპერკორნმა განმარტა, რომ აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, ღაზას სექტორში, დაახლოებით, 640 000-ი ბავშვი აიცრება. ვაქცინაცია ღაზას სექტორის ცენტრალურ, სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილებში სამ ეტაპად განხორციელდება და ყოველი ეტაპის განმავლობაში ბრძოლა ზედიზედ სამი დღის განმავლობაში ადგილობრივი დროით 06:00 საათიდან 15:00 საათამდე შეჩერდება. რამდენიმე დღის წინ გაერო-ს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ 10 თვის ბავშვი, პოლიომიელიტის ვირუსით დაავადდა. ეს ღაზაში პოლიომიელიტის პირველი შემთხვევაა ბოლო 25 წლის განმავლობაში.