კოალიცია „ძლიერი საქართველო“ „ქართულ ოცნებას“ ხანდაზმული ადამიანების გაღატაკებასა და მათთვის საპენსიო სესხების მოტყუებით მიცემაში ადანაშაულებს. კოალიციის ერთ-ერთმა წევრმა, ქეთევან თურაზაშვილმა, საპენსიო სესხებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ოპოზიციაში ყოფნისას ყველა ბერკეტს იყენებენ, მიმართავენ ყველა პასუხისმგებელ პირს, მათ შორის ნათია თურნავას, რომ მოტყუებული პენსიონერების უფლებების დასაცავად ემოქმედა. თურაზაშვილის განცხადებით, საპენსიო „ოვერდრაფტის“ განულების თაობაზე სასამართლოს ჯერ კიდევ 13 თებერვალს მიმართეს, თუმცა აღნიშნულ საქმეზე სასამართლოს პროცესი ამ დრომდე არ ჩაუნიშნავს. მისივე შეფასებით, ივანიშვილის ხელისუფლებას დაახლოებით 400 000 პენსიონერისთვის საპენსიო სესხი მოტყუებით აქვს მიცემული. "ძლიერი საქართველოს" კიდევ ერთი წარმომადგენელი, ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ მოახლოებული არჩევნები სწორედ ამიტომ არის პრინციპული და მოსახლეობამ უარი უნდა უთხრას ხელისუფლებას, რომელმაც ქვეყანა კორუფციის ჭაობში ჩაფლო.