რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში მდებარე „მარინოვკას“ აეროდრომზე, რომელსაც რუსები უკრაინის ფრონტის ხაზის დასაბომბად იყენებენ, უკრაინული დრონებით თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება.
წყაროს ცნობით, უსაფრთხოების სამსახურმა, სპეციალური ოპერაციების ძალებთან ერთად, „მარინოვკას“ აეროდრომზე საწყობებს დაარტყა, სადაც ავიაბომბები და საწვავი ინახებოდა.
„ადგილობრივი რუსები ჩივიან, რომ უსაფრთხოების სამსახურისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეცრაზმის დრონებით თავდასხმის შემდეგ, მათი სამხედრო აეროდრომი აპოკალიფსის ფილმის კადრებს ჰგავს“, - განაცხადა წყარომ მედიასთან საუბარში.
მისი თქმით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ქირურგიული სიზუსტით მუშაობს აეროდრომებზე, საიდანაც მტერი უკრაინას უტევს.
„ყოველი ასეთი ქმედება ამცირებს რუსების უპირატესობას ჰაერში და მნიშვნელოვნად ზღუდავს მათ საავიაციო შესაძლებლობებს”, - დასძინა წყარომ.