ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გალის რაიონის სოფელ მეორე ოტობაიაში დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წოდებულ სახელმწიფო უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პირები ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთაში სხვებს ეხმარებოდნენ. დე-ფაქტო უწყების ცნობით, დაკავებულთა სახლებში აღმოჩენილია სხვადასხვა ტიპის შეიარაღება, მათ შორისაა ხელყუმბარები, ტროტილი და სხვადასხვა კალიბრის ვაზნები. უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს ინფორმაცია მიაწოდა. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით. აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტს თბილისში უკვე გამოეხმაურნენ როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის წევრები.