გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი უარყოფს ინფორმაციას, რომ გერმანიას უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტა სურს, - Deutsche Welle-ს ცნობით, ამის შესახებ შოლცმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
გერმანიის კანცლერის მტკიცებით, ბერლინის პოზიციაში აბსოლუტურად არ არის არასტაბილურობა კიევის მხარდაჭერასთან დაკავშირებით და ის გაკვირვებულია ბერლინის მიერ კიევისთვის სამხედრო დახმარების საბიუჯეტო დაფინანსების შემცირების შესახებ მიმდინარე დისკუსიებთან დაკავშირებით.
შოლცის თქმით, „დიდი შვიდეულის“ გადაწყვეტილებით, უკრაინა მიიღებს სესხს 50 მილიარდი ევროს ოდენობით, რომლის პროცენტიც დაიფარება რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლით.
კანცლერმა განმარტა, რომ ეს თანხები კიევს საშუალებას მისცემს შეიძინოს თავდაცვისთვის საჭირო იარაღი. ის მიიჩნევს, რომ შემოთავაზებულ სქემაში "აბსოლუტურად არაფერია გაურკვეველი".
შოლცის თქმით, კიევს ასევე მიეწოდება თანამედროვე IRIS-T საჰაერო თავდაცვის სისტემა.
ცნობისთვის, 2024 წელს გერმანიის ბიუჯეტში უკრაინის დასახმარებლად რვა მილიარდი ევრო იყო გამოყოფილი, 2025 წელს კი კიევის დასახმარებლად გერმანიის ბიუჯეტში ოთხი მილიარდი ევროა გათვალისწინებული.