ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე ათობით ისრაელელი პალესტინის სოფელს დაესხა თავს, დაღუპულია ერთი პალესტინელი. აღნიშნულ ინფორმაციას „როიტერსი“ პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. სამინისტრომ განაცხადა, რომ სოფელ ჯიტში მომხდარი ინციდენტის დროს ერთი პალესტინელი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. მედიის ცნობით, თავდასხმელებმა ცეცხლი მანქანებსა და სახლებს წაუკიდეს. მომხდართან დაკავშირებით ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ნებისმიერ დანაშაულში პასუხისმგებელ პირებს დააკავებენ და დასჯიან“. ინციდენტს გამოეხმაურა ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი და აღნიშნა, რომ მომხდარ ბუნტს გმობს.