რუსეთის კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა უკრაინის მოსაზღვრე გლუშკოვსკის რაიონის მცხოვრებთა ევაკუაცია გამოაცხადა. თავდაპირველად, ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ევაკუაციას ექვემდებარებოდნენ გლუშკოვოს დასახლების მაცხოვრებლები, ორი საათის შემდეგ კი გადაწყვეტილება მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის ფონზე კურსკისა და ბელგოროდის ოლქების სასაზღვრო რაიონების მცხოვრებლები საკუთარ სახლებს ტოვებენ. კურსკის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა 12 აგვისტოს განაცხადა, რომ ოლქში 120 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევითი ოპერაცია კურსკის ოლქში 6 აგვისტოს დაიწყო. ბრძოლები მიმდინარეობს კორენევსკის, სუჯანსკისა და ბელოვსკის რაიონებში. რუსული მხარის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთში 28 დასახლებას აკონტროლებენ, ხოლო უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, მათ 74 დასახლება აიღეს.