თბილისის მერი კახა კალაძე სპეკულაციას უწოდებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, კონკრეტული ავარიული ბაღების ადგილას კორპუსების მშენებლობა იგეგმებოდა. დედაქალაქის მერის ინფორმაციით, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ რამდენიმე დღის წინ სამი მასშტაბური პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტი გლდანის, სამგორისა და ისნის რაიონში ბაგა-ბაღების დემონტაჟსა და რეკონსტრუქციას ითვალისწინებს. დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მერმა აღნიშნა, რომ გასულ წლებში ეტაპობრივად განხორციელდა ათზე მეტი შენობის დემონტაჟი ან ჩატარდა კაპიტალური რეკონსტრუქცია. ბაღების ერთი ნაწილი ექსპლუატაციაში უკვე შევიდა.