დიდგორის ბრძოლაში გამარჯვება ქართველთა ერთიანობისა და შეუპოვრობის, სამხედრო დიდებისა და გმირობის უკვდავი მაგალითია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „დიდგორობის“ სახალხო დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ცხრა საუკუნის წინ მოპოვებული „ძლევაი საკვირველი“ მსოფლიო ისტორიის უდიდეს სამხედრო-სტრატეგიულ გამარჯვებათა რიგს განეკუთვნება და დიდგორის ბრძოლამ გადამწყვეტი როლი შეასრულა საქართველოს ევროპული იდენტობის განსაზღვრაში, რასაც დღეს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისკენ ქვეყნის სწრაფვა ეფუძნება.