საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ოლიმპიადის ყველა პრიზიორი უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე იქნება წარდგენილი. „საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა დაასრულა გამოსვლა ოლიმპიურ თამაშებზე. პარიზის ოლიმპიადაზე ქართველმა სპორტსმენებმა მოიპოვეს 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი, რაც ისტორიაში საუკეთესო შედეგია. შესაბამისად, საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა დაიკავა ისტორიაში ყველაზე მაღალი, 24-ე ადგილი გუნდურ ჩათვლაში. აღნიშნული უდიდესი წარმატება გვინდა მივულოცოთ ქართველ ოლიმპიელებს და სრულიად საქართველოს. ჩვენი საამაყო სპორტსმენების წარმატების დასაფასებლად, მივიღეთ გადაწყვეტილება ოლიმპიადის ყველა პრიზიორის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენის შესახებ. კიდევ ერთხელ გვსურს, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს ოლიმპიური ნაკრების თითოეულ წევრს საქართველოსთვის მოპოვებული გამარჯვებისთვის და ქართველ სპორტსმენებს მომავალ წარმატებებს ვუსურვებთ“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.