რუსეთის ლიპეცკის ოლქში, დრონებით თავდასხმის გამო, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ოთხი დასახლების ევაკუაცია განხორციელდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ფეთქებადსაშიში ობიექტების აფეთქების შედეგების აღმოსაფხვრელად ლიპეცკის მუნიციპალური ოლქის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ევაკუირებული იქნა დასახლებები : კოპცევი ხუტორი, ფედოროვკა, იაკოვლევკა და ტინკოვკა. მოსკოვის დროით, დაახლოებით ღამის 2:00 საათზე განგაშის წითელი დონე გამოცხადდა, თუმცა მოგვიანებით გაუქმდა და ამჟამად, ოლქის მთელ ტერიტორიაზე განგაშის ყვითელი დონე მოქმედებს. რუსული მედია ასევრ, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყრბა, რომ რუსეთის სამხედრო საჰაერო თავდაცვის სისტემებმა რუსეთის რეგიონებისა და შავი ზღვის თავზე 75 უკრაინული დრონი გაანადგურეს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 26 დრონი ბელგოროდის ოლქში, 19 ლიპეცკში, 7 - კურსკში, 5 - ბრიანსკში, 4 - ვორონეჟში, ერთი ორიოლში, 5 ყირიმში და 8 - შავი ზღვის თავზე გაანადგურეს.