ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებზე დაკვირვების მიზნით, იტალიამ სამუშაო ჯგუფი შექმნა, - ამის შესახებ ინფორმაციას იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანტონიო ტაიანის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს და ადგილზე ოპოზიციის წარმომადგენლებთან და იტალიის მოქალაქეებთან დაკავშირებულ პრობლემებს დააკვირდება.
შეგახსენებთ, ვენესუელის საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული შედეგების მიხედვით, ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა. მან არჩევნებში ხმების 51% მიიღო, ხოლო მისმა მოწინააღმდეგემ, ედმუნდო გონსალესმა 44%.
ოპოზიციის ლიდერმა, მარია კორინა მაჩადომ განაცხადა, რომ არჩევნებში მათმა წარმომადგენელმა გაიმარჯვა და გონსალესმა ამომრჩეველთა ხმების 70% მოიპოვა.
არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ვენესუელაში საპროტესტო აქციები დაიწყო. ვენესუელის გენერალური პროკურორის ცნობით, საპროტესტო აქციებზე 17 ადამიანი დაიღუპა.