საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. გასული თვე ისტორიული მაქსიმუმი იყო თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებისთვის. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ივლისში 519,275 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემებთან შედარებით 29% -ით მეტია. ხოლო ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმა 147,584 მგზავრი გადაიყვანა, რაც 2023 წლის მონაცემებს 48% - ით აჭარბებს. ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიც. 2024 წლის 7 თვეში ქუთაისის აეროპორტი თითქმის მილიონამდე მგზავრს მოემსახურა. იანვარ-ივლისის პერიოდში კი აეროპორტმა 921,030 მგზავრი და 2,803 რეისი მიიღო. რაც ისტორიული მაქსიმუმია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის არსებობის მანძილზე.