ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 2024 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მიიღო. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა და მათ წარმატებები უსურვა. გამოსაშვები ღონისძიების ფარგლებში 2024 წლის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის შვიდივე ფაკულტეტის ყველაზე წარმატებული კურსდამთავრებულები დაჯილდოვდნენ, მათ შესაბამისი პრიზები მინისტრმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ გადასცეს. წელს თსუ 3600-მდე სტუდენტმა დაამთავრა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს პირველი გამოშვება 1922 წელს ჰყავდა. ამ დროის განმავლობაში, თსუ 300 ათასზე მეტმა სტუდენტმა დაამთავრა. ახალ 2024-2025 სასწავლო წელს უნივერსიტეტი 8200-ზე მეტ პირველკურსელს მიიღებს.