პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს. თელავის რაიონულ სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს საქმე, რომელიც შურისძიებით ჩადენილ მკვლელობას შეეხებოდა. სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებული და დაზარალებული ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობდნენ. 2022 წელს მათ საერთო ბიზნეს საქმიანობა წამოიწყეს, რა დროსაც თანხასთან დაკავშირებით, მათ შორის უთანხმოება წარმოიშვა. 2023 წლის 11 ნოემბერს, სოფელ ქეშალოში, ბრალდებულმა დაზარალებული შურისძიების მოტივით, უთანხმოების ნიადაგზე, დანის მრავალჯერადი დარტყმით მოკლა. სასამართლომ მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.