ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრმა, შეიხ ჰასინამ, ქვეყანაში მიმდინარე ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ფონზე, თანამდებობა დატოვა.
BBC-ის ინფორმაციით, ჰასინამ ბანგლადეში დატოვა და მისი ვერტმფრენი ინდოეთის ქალაქ აგარტალისკენ მიემართება.
ჰასინას გადადგომა მოჰყვა ქვეყანაში მიმდინარე მრავალათასიან საპროტესტო აქციებს, რომელიც ივლისში სტუდენტების მშვიდობიანი პროტესტით დაიწყო. ისინი, თავდაპირველად, საჯარო სამსახურში კვოტების გაუქმებას მოითხოვდნენ, შემდეგ კი მათი პროტესტი პრემიერ-მინისტრ შეიხ ჰასინას გადადგომის მოთხოვნით ფართომასშტაბიან ანტისამთავრობო მოძრაობასა და არეულობაში გადაიზარდა.
გუშინ, პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებების შედეგად, სულ მცირე, 90 ადამიანი ემსხვერპლა. საერთო ჯამში კი, ივლისის შემდეგ, საპროტესტო აქციებს 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა.