ევროკავშირის საბჭომ ბელარუსში შიდა რეპრესიებსა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო შემაკავებელი ზომების კიდევ 28 ადამიანის წინააღმდეგ დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. საბჭოს ინფორმაციით, სანქცირებულ პირებს შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის ორი მოადგილე, სასამართლო სისტემის წარმომადგენლები, კერძოდ პროკურორები და ბევრი მოსამართლეა, რომლებმაც პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენი გამოიტანეს. მათ შორის იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდნენ ან ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ მოსაზრებას გამოხატავდნენ. ამასთან, სანქციები დაუწესდათ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "BelTA-ს" გენერალურ დირექტორს, ირინა აკულოვიჩს, სატელევიზიო არხ "STV-ის" გადაცემა "სენატის" წამყვანს და ბელარუსის ეროვნულ ასამბლეაში ახალგაზრდული საბჭოს თავმჯდომარეს, ნიკიტა რაჩილოვსკის. სასანქციო სიაში მყოფი პირები აქტივების გაყინვას ექვემდებარებიან. ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს მათთვის სახსრების გამოყოფა ეკრძალებათ. სანქციები ფიზიკური პირებისთვის სამოგზაურო აკრძალვასაც ითვალისწინებს, რაც მათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლას ან მისი ტერიტორიის ტრანზიტით გავლის უფლებას უზღუდავს. ამჟამად, ბელარუსის წინააღმდეგ ევროკავშირის შემზღუდავი ზომები, მთლიანობაში, 261 ფიზიკურ და 37 იურიდიულ პირზე ვრცელდება.