საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებაზე ხაზარაძე-ჯაფარიძის დუმილი არის მცდელობა, რომ ეს გადაწყვეტილება გადაფარონ. როგორც მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ხაზარაძე-ჯაფარიძემ საარბიტრაჟო სარჩელი საერთაშორისო დონეზე შეიტანეს და ქართულ სახელმწიფოსთან ეს დავა წააგეს. ანაკლიის განვითარების კონსორციუმს საინვესტიციო ხელშეკრულება სახელმწიფომ 2020 წელს, ვალდებულებების შეუსრულებლობის მოტივით შეუწყვიტა. თითქმის 4 წლიანი სასამართლო დავა ფრანგულმა არბიტრაჟმა ყველა პუნქტში ხელისუფლების გამართლებით დაასრულა. სასამართლომ, ხაზარაძის და კონსორციუმის მოთხოვნა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიარდ ნახევარი დოლარი მიეღოთ არ დააკმაყოფილა. მეტიც, ბიზნესმენს მოპასუხე მხარის სასარგებლოდ 650 ათასი დოლარი დააკისრა.