გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ბესიკ ამირანაშვილთან ერთად, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყრუთში, ადგილობრივ მეფუტკრეებს შეხვდა და ახალი სახელმწიფო პროგრამა გააცნო. მეფუტკრეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მეფუტკრეებს დაუფინანსდებათ სკების ღირებულების 50% არაუმეტეს 70 ლარი სკაზე, მაგრამ არაუმეტეს 5,000 ლარი ერთ ბენეფიციარზე გადაანგარიშებით. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად პოტენციურ ბენეფიციარს უნდა ჰყავდეს არანაკლებ 10 ფუტკრის ოჯახი . პროგრამის აუცილებელი პირობაა, რომ პოტენციური ბენეფიციარი რეგისტირებული იყოს ბიზნესოპერატორად და საფუტკრე დარეგისტრირებული ჰქონდეს ცხოველთა იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის ეროვნულ სისტემაში.