საუთპორტში მომხდარი თავდასხმის შემდეგ დაწყებულ პროტესტთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი პოლიციის ხელმძღვანელობას შეხვდება. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, კირ სტარმერი პოლიციის ხელმძღვანელობას მთავრობის სრულ მხარდაჭერას შესთავაზებს, მას შემდეგ რაც ქუჩებში ექსტრემისტული ძალადობისა და სამოქალაქო არეულობის არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის ქალაქ საუთპორტში არეულობა უკვე მეორე ღამეა რაც გრძელდება, მას შემდეგ, რაც ორშაბათს, ცეკვის სკოლაში დანით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად, სამი ბავშვი დაიღუპა. პოლიციის ცნობით, არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც სოციალურ ქსელში ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, რომ თავდამსხმელი რადიკალი ისლამისტი მიგრანტია.