ღაზაში, გასულ თვეში განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად, „ჰამასის“ სამხედრო ფრთის მეთაური დაიღუპა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, მუჰამედ დეიფის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია დაზვერვამ რამდენიმე საათის წინ მოიპოვა. „ჰამასში“ ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებიათ. ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტის ინფორმაციით, 13 ივლისს ისრაელმა სარაკეტო დარტყმები ღაზაში, ხან იუნისის ალ-მასავის რაიონში განახორციელა. სარაკეტო დარტყმების სამიზნეებს „ჰამასის“ სამხედრო ფრთის მეთაური მუჰამედ დეიფი და ხან იუნისის ბრიგადის მეთაური წარმოადგენდნენ. ისრაელის მტკიცებით, დეიფი იყო „ჰამასის“ ლიდერებიდან ერთ-ერთი, ვინც 2023 წლის შვიდ ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის ორგანიზებაში იყო ჩართული.