განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, სტუდენტებისთვის ანაზღაურებად სტაჟირებაზე საბუთების მიღება 2 აგვისტოდან 8 აგვისტოს ჩათვლით გამოცხადდება. როგორც ამილახვარმა აღნიშნა, ანაზღაურების სახით ახალგაზრდებს 500 ლარი დაერიცხებათ. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა საბაკალავრო საფეხურის კურსდამთავრებულს, ვინც წელს დაამთავრა ბაკალავრიატი, ასევე, ყველა მეოთხე კურსელს, მაგისტრანტს, და ვინც წელს დაამთავრა მაგისტრატურა. ძირითად კრიტერიუმებად კი განისაზღვრა მათი აკადემიური მოსწრება. კონკურსანტები სტაჟირებას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში გაივლიან.