„საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება - მიზეზი მათ შორის, კრიპტო-მაინინგი და მეტალურგიული სექტორის გააქტიურებაა. 2024 წლის პირველ ნახევარში ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარება წლიურად 2.6%-ით გაიზარდა, აფხაზეთის რეგიონში კი 5.6%-ით შემცირდა. ამის შესახებ „გალტ&თაგარტის“ ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვაშია საუბარი. კვლევის მიხედვით, ადგილობრივი მოხმარების ზრდა საცალო და პირდაპირი მომხმარებლების გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა. თავის მხრივ, პირდაპირი მოხმარების ზრდა კი, კვლევის ავტორების შეფასებით, კრიპტო-მაინინგის და მეტალურგიის გააქტიურების შედეგია და მოხმარების ზრდა მომავალშიც მოსალოდნელია. როგორც „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული, ელექტროენერგიის ადგილობრივი გენერაცია წლიურად 3.9%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტის მოცულობა 23.9%-ით შემცირდა, რაც ჰიდროსადგურების მზარდი გენერაციის შედეგია ეს კი, თავის მხრივ უხვი ნალექის დამსახურებაა. „გაზრდილმა ჰიდროგენერაციამ თბოსადგურების საჭიროება შეამცირა. შედეგად, თბოგენერაცია წლიურად 26.3%-ით შემცირდა 2024 წლის პირველ ნახევარში და ჯამური გენერაციის 15.9% შეადგინა. ამასთან, ექსპორტი შარშანდელ დონეზე შენარჩუნდა - 757 გვტ.სთ და წლიურად მხოლოდ 0.1%-ით გაიზარდა“- ნათქვამია მიმოხილვაში.