მართვის მოწმობის აღების მაჩვენებელი შემცირდა. ნახევარზე მეტი ქუჩაში, რეალურ მოძრაობაში გამოცდის ჩაბარებისას ჩაიჭრა. მოგეხსენებათ, რომ მართვის უფლების მისაღებად გამოცდის მეორე ეტაპი 2022 წლის 25 აპრილიდან დაემატა, რომლის ფარგლებშიც კანდიდატებს ქალაქში რეალურ დროში უწევთ გადაადგილება. გამომცდელი აფასებს როგორც პრაქტიკულ უნარებს, ისე ავტომობილის ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებით მათ ცოდნას. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, მეორე ეტაპის გამოცდაზე 31 200 პირი გავიდა, საიდანაც წარმატებით მხოლოდ 44.9%-მა ჩააბარა. შესაბამისად, გამოდის რომ გამოცდაზე გასულმა 17 200 მოქალაქემ, რაც პროცენტულად 55.1%-ია მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდა რეალურ მოძრაობაში ანუ ქუჩაში ვერ ჩააბარა. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ მეორე ეტაპის ჩასაბარებლად მათ კიდევ აქვთ ვადა, ფაქტობრივად მთელი წელი, რაც იმას ნიშნავს, რომ წლის ბოლომდე მართვის მოწმობის აღების მაჩვენებელი შესაძლებელია შედარებით გაუმჯობესდეს.