საქართველოში საწვავის იმპორტის თითქმის 53% რუსეთზე მოდის. მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა დაახლოებით 620 ათასი ტონა შეადგინა, რაც 66 ათასი ტონით ანუ 11,9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს. მათივე ცნობით, 2024 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში 307 ათასი ტონა ბენზინი და 313 ათასი ტონა დიზელის საწვავი შემოვიდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა რუსეთიდან შემოვიდა და მასზე მთელი იმპორტის 52,8% მოდის. რუსეთის შემდეგ იმპორტის მოცულობით მეორე ადგილზეა ბულგარეთი, მას მოსდევს რუმინეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი და თურქმენეთი.