ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს ბელგიური კომპანია ააშენებს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულად ე.წ. დიდი ოთხეულიდან, მსხვილი ბელგიური კომპანია „იან დე ნული“ შეირჩა. მთავრობასთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპული კომპანია ანაკლიაში ნავსადგურის აკვატორიის დაღრმავებით და მოლოს, ანუ ტალღისმჭრელის ან ტალღმტეხელის მშენებლობის სამუშაოებს შეასრულებს. ცნობილი ხდება, რომ ტენდერში სამი ევროპული კომპანია მონაწილეობდა, რომლებსაც ამ სფეროში საქმიანობის საუკეთესო საერთაშორისო რეპუტაცია აქვთ და მსოფლიო ფსკერდაღრმავების ფლოტის 80 პროცენტს ფლობენ . ბელგიური კომპანია „იან დე ნული“ 1938 წელს დაფუძნდა და მისი ბრუნვა 2,5 მლრდ ევროა, დასაქმებული ჰყავს 7000-ზე მეტი ადამიანი. კომპანია აქტიურად იყო ჩართული პანამის არხის გაფართოების პროექტში, გარდა ამისა, განახორციელა ან ახორციელებს პროექტებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის, ევროპაში, გალფის ყურეში დ ა აფრიკაში. ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში პირველი გემების მიღება 2029 წელს იგეგმება, რაც გაზრდის ტვირთნაკადს საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გავლით. ნავსადგურის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 600 ათასი კონტეინერი იქნება ხოლო საორიენტაციო ღირებულება – 600 მლნ დოლარია.