* მეგან მარკლი -
მართალია, 2016 წლამდე ამერიკელ მსახიობს მეგან მარკლს მხოლოდ იურიდიული სერიალის „ფორს-მაჟორების“ მაყურებელი იცნობდა, მაგრამ დღეს ის სუპერვარსკვლავია, რომელზეც მთელი მსოფლიო ლაპარაკობს. რვა წლის განმავლობაში მარკლმა პრინც ჰარისთან რომანის გაბმაც მოასწრო და ცოლად გაყოლაც, ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წეს-ჩვეულებების ახლოს გაცნობაც და მათზე უარის თქმაც, ნისლიანი ალბიონიდან მშობლიურ ამერიკაში გადაბარგებაც და ოპრა უიფრისთვის სკანდალური ინტერვიუს მიცემაც, რომელშიც მეუღლის ნათესავების მიკერძოებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრა.
პოპულარობის მიუხედავად, მარკლს უამრავი ბრიტანელი აკრიტიკებს, რომელთა მტკიცებით, მეგანმა მთავარ კონკურენტთან - პრინც უილიამის მეუღლესთან ქეით მიდლტონთან შედარებას ვერ გაუძლო, მის ფონზე დაიჩრდილა და სწორედ ამიტომ გაიქცა ბრიტანეთიდან. მეტიც, ბევრი სასექსის ჰერცოგინიას პრინც ჰარის გადაბირებასა და ოჯახის წევრებთან დაპირისპირებაშიც ადანაშაულებს.
* * *
რეიჩელ მეგან მარკლი 1981 წლის 4 აგვისტოს დაიბადა ლოს-ანჯელესში, ნაკლებად შეძლებულ შერეულ ოჯახში. მისი მამა - თეთრკანიანი ტომას მარკლი ტელევიზიაში მუშაობდა გამნათებლად, დედა - შავკანიანი დორია რეგლანდი კი, სოციალური ფსიქოლოგი და იოგას ინსტრუქტორი იყო. მეგანმა 6 წლის ასაკში მოსინჯა პირველად იოგას ვარჯიშები და ისე გაიტაცა, რომ მოგვიანებით პრინც ჰარისაც შეაყვარა საკუთარი გატაცება.
* * *
ამერიკელი გენეალოგის ჰარი ბოიდ რობერტსის განცხადებით, რომელმაც სპეციალური კვლევა ჩაატარა, მეგანის მამა ინგლისის მეფის ედუარდ მესამის პირდაპირი შთამომავალია. რობერდსის მტკიცებით, მეგანის წინაპარი ანგლიკანური ეკლესიის მღვდელი უილიამ სკიპერი, რომელმაც 1960-იანი წლების დასაწყისში ბოსტონში გადაწყვიტა ემიგრირება, ედუარდ მესამის ერთ-ერთი შვილის - კლარენსის ჰერცოგის, ლაიონელის შთამომავალი იყო. შესაბამისად, მეგან მარკლი არა უბრალოდ ბრიტანელი არისტოკრატი, არამედ უინძორების ოჯახის და საკუთარი მეუღლის შორეული ნათესავი აღმოჩნდა.
ჟურნალ Bunte-ის განცხადებით კი, რომელმაც საკუთარი გამოძიება ჩაატარა, მარკლის გვარს გერმანული ფესვები აქვს და მერკელად ჟღერს, ამერიკულ ყაიდაზე კი, მხოლოდ მისი წინაპრების შეერთებულ შტატებში ემიგრირების შემდეგ გადაკეთდა.
* * *
მართალია, მსახიობობა მეგანმა ადრეულ ბავშვობაში გადაწყვიტა, როცა მამის წყალობით მთელ დღეებს სერიალის „დაქორწინებულები... შვილებით’’ გადასაღებ მოედანზე ატარებდა, მაგრამ კინოში კარიერის გაკეთებამდე ჯერ პოლიტიკით დაინტერესდა. ჩიკაგოში, ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტში კომუნიკაციის სკოლის ხელოვნებათმცოდნისა და საერთაშორისო ურთიერთობის ბაკალავრის ხარისხით დასრულების შემდეგ, მარკლი არგენტინაში მუშაობდა ამერიკის საელჩოში, სამშობლოში დაბრუნებულმა კი, ბრწყინვალე ხელწერის წყალობით მოიძია მეტად ორიგინალური სამუშაო და კალიგრაფისტად დაიწყო მუშაობა, რაც საქორწინო და სხვა სადღესასწაულო ბარათების ხელით დაწერას გულისხმობდა. სწორედ მისი წყალობით შეიქმნა ღია ბარათები Dolce&Gabbana-ს VIP-კლიენტებისთვის და მისაწვევები მოდელების რობინ ტიკისა და პაოლა პატონის საქორწინო წვეულებებზე.
მართალია, მომავალ ჰერცოგინია ცნობილ ტელეშოუში Deal Or No Deal მუშაობდა, მაგრამ ძალიან ეუხერხულება გახსენება და მაქსიმალურად გაურბის ამ თემაზე საუბარს. აღსანიშნავია, რომ პოპულარულ შოუში, რომლის მონაწილეები მსხვილი ჯეკპოტის მოგების სურვილით ბრმად ხსნიან ქეისებს ერთმანეთის მიყოლებით, მეგანი მხოლოდ მომხიბვლელი მოდელის როლს ასრულებდა, რომლის ფუნქციას თვალისმომჭრელად ღიმილი და მონაწილეების მიერ არჩეული ქეისების გახსნა წარმოადგენდა.
* * *
პირველი როლი მეგანმა 2002 წელს მიიღო, როცა ტელენოველაში „მთავარ ჰოსპიტალში“ განასახიერა მედდა ჯილი. სხვათა შორის, საკულტო სერიალი, რომელმაც 1963 წელს აიღო სტარტი, დღესაც წარმატებით გადის კომერციული ტელეარხის ABC-ის ეთერში. Imdb-ის მონაცემებით საერთო ჯამში მარკლმა კინოსა და ტელევიზიაში შესრულებული 31 როლი მიითვალა საკუთარ ანგარიშზე, თუმცა ყველაზე მეტად მაინც რეიჩელი შეიყვარა „ფორს-მაჟრებიდან“, რომელიც მისივე განცხადებით, ძალიან ჰგავს მას, რადგან „ისიც ძალიან ამბიციური, მიზანდასახულია და ყოველთვის თავდაუზოგავად ცდილობს მიზნის მიღწევას“. სხვათა შორის, ჰარის თხოვნით, მეგანმა არა მხოლოდ სერიალის ახალ სეზონში მონაწილეობაზე, არამედ მსახიობის კარიერაზე თქვა უარი.
მარკლის განცხადებით, ძალიან არ უყვარდა, როცა გრიმიორები და ფოტოგრაფები მისი კანის ხელოვნურად გაღიავებას ცდილობდნენ, რადგან შერეულ ოჯახში დაბადებულს, ჯერ კიდევ ბავშვობაში, სკოლაში სწავლისას მოუწია რასიზმთან ბრძოლა, თანატოლების დაცინვის მოთმენა და საკუთარი უფლებების დაცვა.
* * *
ლონდონში მეგნმა პირველად 15 წლის ასაკში იმოგზაურა მეგობართან ერთად და ბუკინგემის სასახლის ფონზეც გადაიღო ფოტოები, თუმცა წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ წლების შემდეგ სწორედ ბუკინგემის სასახლე გახდებოდა მისი სახლი. მარკლის განცხადებით, ბავშვობიდან ინტერესდებოდა სამეფო ოჯახის ისტორიებით, აქტიურად ეცნობოდა საგაზეთო პუბლიკაციებს და კითხულობდა წიგნებს დედოფალ ელისაბედ მეორესა და ლედი დიანას შესახებ.
პრინცი ჰარი მეგანის მეორე მეუღლე გახდა. მანამდე მარკლი ტელეპროდიუსერის ტრევორ ენგელსონის მეუღლე იყო, ვისთან 6-წლიანი რომანი ჰქონდა ქორწინებამდე. ჰარი მეგანმა ე.წ. ბრმა პაემანზე გაიცნო, რომელიც საერთო მეგობარმა, ბრიტანელმა არისტოკრატმა ვიოლეტ ფონ ვესტენჰოლცმა მოაწყო. ნაცნობობიდან რამდენიმე დღის შემდეგ, პრინცმა ბოტსვანაში მოგზაურობა შესთავაზა მეგანს, რასაც სიხარულით დათანხმდა.
პრესამ ბრიტანელი პრინცისა და ამერიკელი მსახიობის რომანის შესახებ მხოლოდ ოთხი თვის შემდეგ გაიგო. პირველმა მათი ურთიერთობის შესახებ ცნობილმა ტაბლოიდმა Sunday Express-მა დაწერა, რომელსაც ძალიან გული დაწყდა, რომ წყვილის გაცნობისა და აფრიკაში მოგზაურობის ისტორია გამორჩა. სხვათა შორის, საკუთარ ნაცნობობასა და რომანზე მეგანმა და ჰარიმ პირველად ბიოგრაფიულ წიგნში „თავისუფლების მოპოვებაში“ მოუთხრეს მკითხველს, რომელიც 2020 წელს გამოიცა.
ოფიციალურად ჰარიმ 2017 წელს შესთავაზა მეგანს ცოლობა, როცა ბოტსვანაში შეძენილი მსხვილი ბრილიანტით და დედის - ლედი დიანას კოლექციის ორი ძვირფასი ქვით დამშვენებული ბეჭედი უსახსოვრა. წყვილის ჯვრისწერის ცერემონია 2018 წლის 19 მაისს გაიმართა უინძორის ციხის წმინდა გიორგის ეკლესიაში.
* * *
მეგანისა და ჰარის ქორწილი, რომელმაც მსოფლიო პრესის ყურადღება დაიმსახურა, ერთ-ერთ ყველაზე ვარსკვლავურ წვეულებად იქცა ბრიტანეთის მონარქიის ისტორიაში, რადგან ტრადიციული სტუმრების - ევროპული სამეფო ოჯახების წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსების ნაცვლად, საზეიმო ცერემონიას მეგანის ყოფილი კოლეგები - სერიალის „ფორს-მაჟორების“ მსახიობები, დევიდ და ვიქტორია ბექჰემები, ჯორჯ და ამალია კლუნები, ოპრა უინფრი და ჩოგბურთელი სერენა უილიამსი დაესწრნენ, რომელიც მეგანმა 2016 წელს გაიცნო ერთ-ერთ წვეულებაზე. ქალბატონებმა სწრაფად გამონახეს საერთო ენა და საუკეთესო მეგობრები გახდნენ. მარკლი უილიამსის არცერთ თამაშს არ ტოვებდა, თავად სერენა კი, დღესაც ინტენსიურად სტუმრობს მეგობარს სანტა-ბარბარაში.
* * *
მარკლის სამეფო ოჯახში „გაშინაურებამ“ ერთგვარი აჟიოტაჟი გამოიწვია მოდის სამყაროში, რასაც მოგვიანებით „მეგანის ეფექტი“ ეწოდა. ექსპერტებმა დეტალურად შეისწავლეს ჯერ პრინცის მომავალი მეუღლის, მერე ესექსის ჰერცოგინიას სამოსი, მოდურად ჩაცმის მოყვარულებმა კი, რამდენიმე დღეში შეიძინეს ანალოგიური კოსტიუმები, რითაც პოპულარულ ბრენდებთან ერთად, ნაკლებად ცნობილი მწარმოებლებიც გაამდიდრეს.
* * *
მეგანის ერთადერთი ოჯახის წევრი, ვინც საქორწინო ცერემონიას დაესწრო, მისი დედა გახდა, რომელიც როგორც პრესამ აღნიშნა, „ძალიან ობლად გამოიყურებოდა“ სამეფო ოჯახის მრავალრიცხოვანი წარმომადგენლების ფონზე. სხვათა შორის, დედა დღესაც ერთადერთია ნათესავებს შორის, ვისთანაც ესექსის ჰერცოგინია ურთიერთობს. მეტიც, დორია ქალიშვილთან და სიძესთან ერთად ცხოვრობს სანტა-ბარბარაში და აქტიურად ეხმარება შვილების აღზრდაში.
მართალია, ქორწილში მეგანის მამაც მიწვეული იყო, მაგრამ სკანდალის შემდეგ, რომელიც პაპარაცებისთვის მოაწყო დადგმული ფოტოებით, კატეგორიულად აეკრძალა ცერემონიაზე გამოჩენა. საკურთხეველთან მეგანი, რომელმაც ესექსის ჰერცოგინას ტიტული შეიძინა, მომავალი მეუღლის მამამ მიაცილა, საკუთარ მამასთან კი, სამუდამოდ თქვა უარი ურთიერთობაზე, ამიტომ ტომასს, რომლის პირადი წერილები ბრიტანულმა ტაბლოიდებმა გამოაქვეყნეს, არასდროს უნახავს შვილიშვილები. თუმცა, მისტერ მარკლმა მაინც არ დაიხია უკან და დაიმუქრა, რომ სასამართლოს წესით მოიპოვებდა შვილიშვილებთან ურთიერთობის უფლებას. არ ჩამორჩა მამას არც მეგანის უფროსი ნახევარდა სამანტა მარკლი, რომელმაც ჯერ წიგნი გამოსცა მეგანის ბავშვობაზე, ახლა კი, ინტერვიუებით ანებივრებს ამერიკულ პრესას.
* * *
წყვილს ორი შვილი ჰყავს. არჩი ჰარისონი 2019 წლის 6 მაისს დაიბადა ბრიტანეთში, ლილბეტი კი, 2021 წლის 4 ივნისს ამერიკაში. გავრცელებული ხმების თანახმად, შვილთაშვილები ელისაბედ მეორემ მხოლოდ 2022 წლის ივნისის თვეში ნახა პირველად, როცა ჰარი ოჯახთან ერთად ეწვია ბრიტანეთს, დედოფლობის მმართველობის პლატინის იუბილეს აღსანიშნად მოწყობილ ღონისძიებებზე დასასწრებად.
* * *
2019 წელს გავრცელებული ხმები, თითქოს ჰარი პრინცის ტიტულსა და სამეფო პრივილეგიებზე აპირებდა უარის თქმა, ბევრმა გამონაგონად ჩათვალა, თუმცა 2020 წელს მითქმა-მოთქმა რეალობად იქცა. პრინცმა ჯერ 6-თვიანი შვებულებით ისარგებლა და მეუღლესთან ერთად გაემგზავრა კანადაში, უკან დაბრუნებულმა კი, Instagram-ში, საკუთარ გვერდზე გააკეთა განცხადება, რომ ოფიციალურად ამბობდა უარს სამეფო უფლებებსა და მოვალეობებზე. თუმცა ჰარიმ და მისმა მემკვიდრეებმა არა მხოლოდ ტიტული და პრივილეგიები, არამედ სამეფო ოჯახის დაფინანსებაც დაკარგეს.
* * *
ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვების სურვილით მეგანმა და ჰარიმ ჯერ Netflix-თან, მერე Spotify-სთან, ბოლოს კი, Penguin Publishing Group-თან გააფორმეს მრავალმილიონიანი კონტრაქტები, რომლებიც ფილმებისა და სერიალების გამოშვებას, პოდკასტების ჩაწერასა და ოთხი წიგნის გამოცემას ითვალისწინებს.
მეუღლეების ცხოვრებაზე უკვე გამოვიდა სამი ფილმი. მხატვრულ-დოკუმენტურმა დრამამ „ჰარი და მეგანი: სამეფო სიყვარულის ისტორია“ - მაყურებელს მათი გაცნობის ისტორია მოუთხრო, ფილმი „ჰარი და მეგანი: სამეფო ოჯახი“ - წყვილის ოჯახის წევრებთან ურთიერთობას მიეძღვნა, ფილმმა „ჰარი და მეგანი: გაქცევა სასახლიდან“ კი, იმ მიზეზების ახსნა სცადა, რამაც წყვილს სამეფო ოჯახის დატოვება აიძულა.
2021 წელს მეგანმა და ჰარიმ ორსაათიანი ინტერვიუ ჩაწერეს ძველ მეგობართან ოპრა უინფრისთან და კიდევ ერთხელ განმარტეს ბრიტანეთის დატოვებისა და ამერიკაში გადაბარგების მიზეზი. გულახდილმა საუბარმა სერიოზული სკანდალი გამოიწვია, რამაც არა მხოლოდ სამეფო ოჯახი, არამედ მონარქიის მომხრე ბრიტანელებიც გააღიზიანა. პროვოკაციულ ინტერვიუს საჯარო განცხადებით უპასუხა ელისაბედ მეორემაც, ექსპერტებმა კი, 20-მდე ფაქტი დაასახელეს, რომლებიც წყვილმა შეგნებულად დაამახინჯა და არასწორად გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს სკანდალური ინტერვიუ „ემის“ ნომინაციაზე იქნა წარდგენილი „საუკეთესო სერიალის ან დოკუმენტური სერიალის სპეციალური ეპიზოდის“ კატეგორიაში.