* Aerosmith –
ალკოჰოლი და ნარკოტიკები, ეპატაჟი და სკანდალები - უამრავი მარცხისა და წარმატების მიუხედავად, ლეგენდარული Aerosmith, რომელიც Grammy-ის 4 პრემიისა და MTV Video Music Award-ის 10 პრიზის მფლობელია, 50 წელზე მეტია ინარჩუნებს პოპულარობას, რასაც 150-მილიონიანი ტირაჟით გაყიდული ალბომებიც ადასტურებენ.
* * *
Аerosmith-ის ისტორია 1970 წელს დაიწყო ნიუ-ჰემპშირის პატარა ქალაქ სიუნპიში, როცა სტივენ ტალარიკომ (დღეს უკვე ტაილერმა) და ჯო პერიმ შემთხვევით გაიცნეს ერთმანეთი და მართალია, არც მუსიკალური განათლება ჰქონდათ, არც გამოცდილება, მაგრამ მაინც გადაწყვიტეს ჯგუფის შექმნა. მოგვიანებით, დუეტს პერის ძველი მეგობარი, ბას-გიტარისტი ტომ ჰემილტონი შეუერთდა, რომელმაც დრამერი ჯოუი კრამერი და გიტარისტი ბრედ უიტფორდი მიიწვია ახლად შექმნილი კოლექტივში.
* * *
სადებიუტო ალბომი, რომელმაც კომპოზიციები Dream On, Mama Kin გააერთიანა და ჯგუფის სახელი შეიძინა, Aerosmith-მა 1973 წლის 5 იანვარს გამოუშვა კომპანიის Columbia Records-ის დახმარებით. აღსანიშნავია, რომ ამავე სტუდიასა და ამავე დღეს გამოიცა ბრიუს სპრინგსტინის პირველი ნაკრებიც Greetings From Ashbury Park, New Jersey. მეტიც, Columbia Records-ის პროდიუსერებისთვის სწორედ სპრინგსტინის ალბომი იყო პრიორიტეტული, Aerosmith-ის ნამუშევარი კი, მხოლოდ მეორეხარისხოვან ნამუშევრად, ერთგვარ სასიამოვნო ბონუსად მიიჩნიეს.
მართალია, ლეიბლის მესვურთა იმედი ვერცერთმა ალბომმა ვერ გაამართლა, რადგან ვერ კომერციული წარმატება მოიპოვეს, ვერც მელომანების მოწონება, მაგრამ სადებიუტო მარცხის მიუხედავად, დღეს Aerosmith-იც და ბრიუს სპრინგსტინიც ამერიკული როკ-მუსიკის ნამდვილ პატრიარქებად ითვლებიან.
* * *
ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა Aerosmith-თვის 1980-იანი წლების დასაწყისი, რადგან ალბომი Night In the Ruts იმდენად სუსტი გამოვიდა, რომ ჯო პერიმ ჯგუფიდან წასვლა გადაწყვიტა. მისი განწყობა გაიზიარა ბრეტ უიტფორდმაც, რომელმაც კოლექტივი პროფესიონალი გიტარისტის გარეშე დატოვა. 1982 წელს Aerosmith-მა მორიგო უიღბლო ალბომი Rock In A Hard Place გამოუშვა, რომელმაც მხოლოდ მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა. მართალია, მოგვიანებით პერი და უიტფორდი მეგობრებს დაუბრუნდნენ, მაგრამ მაინც რთული აღმოჩნდა დანაკარგის ანაზღაურება და ძლიერი როკ-ჯგუფის რეპუტციის აღდგენა.
* * *
Rock In A Hard Place-ის ჩავარდნის, პერის და უიტფორდის დაბრუნების შემდეგ, ჯგუფის წევრებმა კოლექტიურად გამოუცხადეს ომი ნარკოტიკებს და დაძლიეს კიდევ მავნე დამოკიდებულება. მცირე პაუზის შემდეგ, მუსიკალურ სამყაროს Aerosmith ახალი ნამუშევრით Done With The Mirrors-ით დაუბრუნდა, რომელიც საკმაოდ სწრაფად ჩაიწერა და სწრაფადვე გაიყიდა, რამაც ჯგუფს ოპტიმიზმთან ერთად ენთუზიაზმი და საკუთარი თავის რწმენა დაუბრუნა.
* * *
ბევრად წარმატებული აღმოჩნდა შემდეგი ალბომი, 1987 წელს გამოსული Permanent Vacation კომპოზიციებით Rag Doll, Angel და (Dude) Looks Like A Lady, რომელთაც დიდი ხნით დაიმკვიდრეს ადგილი ჩარტებში. ალბომის წარმატება პირველ რიგში ე.წ. სიმღერების რედაქტორებმა განსაზღვრეს, რადგან სწორედ მათი წყალობით შეიძინეს როკ-კომპოზიციებმა პოპ-ჟღერადობა.
1980-იანი წლების ბოლოს საუკეთესოდ რედაქტორებს შორის დესმონდ ჩაილდი ითვლებოდა, რომელმაც Bon Jovi-ის ალბომის Slippery When Wet-ის წარმატებით რედაქტირების შემდეგ, ტაილერის კოლექტივს გაუწია რეკომენდაცია. აღსანიშნავია, რომ სწორედ ახალმა - შედარებით რბილმა ჟღერადობამ განსაზღვრა Aerosmith-ის მუსიკალური სტილი. მართალია, კოლეგა როკ-მუსიკოსებმა ჯგუფი ღალატში დაადანაშაულეს, მაგრამ Aerosmith ნაკლებად შეაშფოთა მსგავსმა ბრალდებამ, მით უფრო, რომ თაყვანისმცემლებთან ერთად ჩანაწერების გაყიდვაც ერთი-ორად გაიზარდა.
* * *
ხმები ჯგუფის წევრებს შორის კონფლიქტებზე მუდმივად ვრცელდებოდა. მორიგი განხეთქილების მიზეზად იქცა 2010 წელს, ტაილერის მონაწილეობა American Idol-ში. მუსიკოსმა არაფერი უთხრა მეგობრებს და ფარულად დათანხმდა მონაწილეობას პოპულარულ შოუში. საიდუმლო მოგვიანებით გამოაშკარავდა, რამაც ალიან გაანაწყენა Aerosmith-ის წევრები. მართალია, მუსიკოსები აქტიურად შეუდგნენ ვოკალისტის შემცვლელის ძებნას, სავარაუდო კანდიდატურად კი, სემი ჰაგარი განიხილებოდა, მაგრამ საბოლოოდ ტაილერმა მაინც მოახერხა მეგობრებთნ საერთო ენის გამონახვა და ჯგუფში კუთვნილი ადგილის შენარჩუნება.
* * *
Aerosmith-ის პოპულარობას ჰიტ-აღლუმებში მისი მუდმივი აქტიურობაც ადასტურებს. მეტიც, ჯგუფი მთელი 50 წელია სტაბილურად ინარჩუნებს პოზიციას მსოფლიოს ჩარტებში. პირველი კომპოზიცია Sweet Emotion ამერიკულ ჩარტში 1975 წელს მოხვდა მოკრძალებული 36-ე პოზიციით, თუმცა სწრაფად დაწინაურდა და დიდი ხნით დაიმკვიდრა ადგილი საუკეთესო ათეულში. ჟღერადობის და სტილის შეცვლის წყალობით ჯგუფი 1980-1990-იან წლებში საკმაოდ კომფორტულდ გრძნობდა თავს რამდენიმე ლიდერი ჰიტის, მათ შორის კომპოზიციის Get A Grip წყალობით, ახალი ასწლეული კი, კომპოზიციით Jaded-ით აღნიშნა, რომელმაც მე-7 პოზიცია მოიპოვა Billboard 100-ის რეიტინგში.
* * *
1991 წელს, როცა „სიმფსონების“ ანიმაციურმა სერიალმა ყველა ტელეშოუ უკან ჩამოიტოვა და პოპულარობასთან ერთად უამრავი რეკორდიც დაამყარა, Aerosmith იმ რჩეულთა შორის მოხვდა, ვისაც ანიმაციურ ფილმში მონაწილეობის პატივი ერგო. მართალია, ლიდერობა მაიკლ ჯექსონმა მოიპოვა, რომელიც ფსიქიკურად აშლილ პერსონაჟად იქცა, მაგრამ ჰომერის საყვარელ ბარში, მისი ოჯახი სწორედ Aerosmith-ის კონცერტს დაესწრო, რამაც კიდევ უფრო განამტკიცა ჯგუფის ვარსკვლავური სტატუსი.
* * *
მართალია, ჯგუფის R.E.M-ის წევრები არასდროს მიიჩნევდნენ საკუთარ თავს Aerosmith-ის ფანებად, მაგრამ 1987 წელს, როცა ჯგუფმა მეტად უჩვეულო, მათი შემოქმედებისთვის ნაკლებად დამახასიათებელი ნაკრები Dead Letter Office გამოუშვა, წამყვან თრეკად სწორედ Aerosmith-ის კომპოზიციის Toys In The Attic რემიქსი იქცა. რა თქმა უნდა, მსმენელმა R.E.M-ის ვერსიას ისევ Aerosmith-ის ორიგინალი ამჯობინა, თუმცა სიმღერამ მაინც დადებითი შეფასება დაიმსახურა.