აშშ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონზე მეტი დოლარის პირდაპირ დახმარებას აჩერებს. ოფიციალური ვაშინგტონი გადაწყვეტილების მიზეზად, საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელ ქმედებებსა და განცხადებებს ასახელებს. პარტნიორების გადაწყვეტილებას მმათველი გუნდი გულდასაწყვეტს უწოდებს. მათი თქმით ქართველი ხალხის ინტერესების დაცვაზე მორგებული კანონი არ უნდა გახდეს იმის საბაბი, რომ საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს საგარეო კურსის ცვლილება დაბრალდეს. აშშ-ის გადაწყვეტილებას ოპოზიცია მმართველი გუნდის ბოლოდროინდელ ქმედებებს უკავშირებს. ამბობენ, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული 32 წლიანი ურთიერთობის დაზიანებაზე პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ეკისრება. ხელისუფლების ოპონენტები მიმდინარე პროცესიდან გამოსავალს მოახლოებულ არჩევნებში ხედავენ. მათი თქმით ერთადერთი შესაძლებლობა იმისა, რომ ქვეყანას განვითარების პერსპექტივა დაუბრუნდეს, ხელისუფლების ცვლილებაა.