უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი, ქვეყნის ხელისუფლების საგარეო კურსის ცვლილება და მოახლოებული არჩევნები - აშშ-ის სენატში გაჟღერებულ გზავნილებს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ეხმაურებიან. ოპოზიციური პარტიები ყურადღებას აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერაზე ამახვილებენ, ორ ქვეყანას შორის არსებულ მძიმე ურთიერთობაზე კი სრულ პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებენ. საკითხთან დაკავშირებით განცხადებები გაკეთდა უმრავლესობის მხრიდანაც. არჩევნების არადემოკრატიულად ჩატარებასთან დაკავშირებულ გზავნილს მმართველი პარტია უადგილოს უწოდებს და მზაობას გამოთქვამს მოახლოებულ არჩევნებში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიების ჩართვა უზრუნველყოს. ქართული ოცნების წევრები ყურადღებას კანონთან დაკავშირებით გაჟღერებულ კრიტიკულ განცხადებებზეც ამახვილებენ და ამბობენ, რომ არანაირი სამართლებრივი არგუმენტი არ არსებობს, იმ კანონის წინააღმდეგ, რომელიც მეტად ლიბერალურია ვიდრე სხვა სახელმწიფოებში მოქმედი კანონმდებლობა.