გასულ წელს სისტემაში გაშვებული წყლის 68% „დაიკარგა“. 2023 წელს წყლის დანაკარგმა 597 მლნ მ3-ზე მეტი შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს წყალმომმარაგებელმა საწარმოებმა სისტემაში 874 მლნ მ3-ზე მეტი წყალი გაუშვეს, საიდანაც აბონენტებს მხოლოდ 277 მლნ მ3 მიეწოდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ტრანსპორტირებისას (ავარიების, გაჟონვის, აორთქლებისა და წყალმზომის შეცდომის გათვალისწინებით) სისტემაში გაშვებული წყლის 68.3% დაიკარგა.
აღსანიშნავია ისიც, რომ წყლის ყველაზე დიდი დანაკარგი, ოდენობის თვალსაზრისით 2021 წელს გვქონდა, როცა სისტემაში გაშვებული დაახლოებით 678 მლნ მ3 წყალი აბონენტებამდე არ მისულა. პროცენტულად კი წყლის დანაკარგები 2015 წელს იყო ყველაზე მეტი და 73.2%-ს მიაღწია.