ლარში გაცემული სესხები გაიაფდა, უცხოურ ვალუტაში კი გაძვირდა. საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის ივნისში, ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის საპროცენტო განაკვეთი შემცირდა, უცხოურ ვალუტაში კი პირიქით, გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, ივნისში ლარში გაცემული სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთმა 14.39% შეადგინა, მაშინ, როცა მაისში ეს მაჩვენებელი 14.73% იყო. აღსანიშნავია, რომ ეროვნულ ვალუტაში კრედიტი ძირითადად ფიზიკურ პირებს გაუიაფდათ - 17.07%-დან 17.04 %-მდე, იურიდიული პირების შემთხვევაში კი სესხზე პროცენტმა მინიმალური განაკვეთით 11.77%-დან 11.78%-მდე მოიმატა.
რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთებს, აქ ივნისში ზრდა ფიქსირდება. საშუალო განაკვეთმა მაისის 8.94%-დან 9.03%-მდე მოიმატა. ამავე სტატისტიკის მიხედვით, იურიდიული პირებისთვის გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთმა ივნისში 9.16%-დან 9.46%-მდე მოიმატა. ფიზიკური პირების შემთხვევაში კი კრედიტები 8.18%-დან 7.82%-მდე გაიაფდა.