ე.წ. „გამჭვირვალობის კანონის“ ამოქმედებისთვის ახალი დეპარტამენტი იქმნება - Palitra News

ე.წ. „გამჭვირვალობის კანონის“ ამოქმედებისთვის ახალი დეპარტამენტი იქმნება

2024-07-30 13:37:05+04:00

ე.წ. „გამჭვირვალობის კანონის“ ამოქმედებისთვის ახალი დეპარტამენტი იქმნება. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების უფლება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიენიჭა. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის 29 ივლისის ბრძანებაშია აღნიშნული. ბრძანების თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში იქმნება ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტი, რომელსაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელება დაევალება. დადგენილების თანახმად, ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტში ორი სტრუქტურული ერთეული იქნება: რეგისტრაციის და დეკლარირების მონიტორინგის სამსახურები.„ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტის ამოცანებია კანონმდებლობით დადგენილი წესით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოება და საჯაროობის უზრუნველყოფა, აგრეთვე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაში სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირის მხარდაჭერა,“ - აღნიშნულია დადგენილებაში.