საქართველოში ავტომობილების 85% 10 წელზე მეტი ასაკისაა. მიმდინარე წლის მონაცემებით, საქართველოში, 1 701 776 ავტომობილია რეგისტრირებული და ყველაზე გავრცელებულ საავტომობილო მარკებს შორის უკვე წლებია წლებია, Mersedes-benz-ი და Ford Transit-ი ლიდერობენ.
უფრო კონკრეტულად, „საქსტატის“ ავტომობილების პორტალზე გამოქვეყნებული მონაცემებით, სადაც 2017 წლიდან არსებული მონაცემები იძებნება, ტოპ მარკების სამეულში Mersedes-benz-თან ერთად Toyota და Ford-ია. რაც შეეხება ავტომობილების განაწილებას მოდელების მიხედვით, Ford Transit-ის შემდეგ რეიტინგის სათავეში Toyota Prius-ი, Opel Astra, Honda Fit-ი და VAZ 21063-ია. რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი, 655 919 ავტომობილი თბილისშია დარეგისტრირებული, მეორე ადგილს იკავებს ქვემო ქართლი 167 715 ავტომობილით, მესამე პოზიციაზე კი კახეთია, სადაც 151 302 ავტომობილია რეგისტრირებული.
საწვავის ტიპის მიხედვით, საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილებიდან 701 129 ბენზინზე მომუშავეა; 335 768 დიზელზე; 165 798 ბენზინ-აირზე; 140 234 ჰიბრიდია; 5 679 ელექტრო; 1484 კი აირზე მუშაობს. საქართველოში ყველაზე პოპულარული რუხი ფერის ავტომობილებია, მეორე ადგილს იკავებს თეთრი, რეიტინგში მომდევნო კი შავი და ლურჯი ავტომობილებია. ავტომობილების უმეტესობა, 1 451 302, რაც მთელი ავტოპარკის 85%-ია, 10 წელზე მეტი ასაკისაა; 5-დან 10 წლამდეა 176 868 ავტომობილი; 42 508 ავტომობილის შემთხვევაში გამოშვების თარიღი 2-5 წლის ფარგლებშია; ასევე საქართველოში გადაადგილდება 23 795 ავტომობილი, რომელიც მიმდინარე ან გასული წლის მოდელია.